ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ფსიქოლოგიური სიმტკიცე საჭიროა, მაგრამ საერთოდ არ მეშინია“ | ნაკრების ექიმი კვარას ტრავმაზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ Crystalsport-თან ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაციასა და სარეაბილიტაციო პროცესზე ისაუბრა. „კვარამ“ ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და ქირურგიული ჩარევა კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაუტარდა.

„თავიდანვე 80 პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯვარედინი იოგის რაღაც ხარისხის დაზიანება იყო, რაც შემდეგ დადასტურდა — მაღალი ხარისხის დაზიანებასთან გვქონდა საქმე. ამ დროს პირველი, რაც გავაკეთე, ხვიჩასთან კომუნიკაცია იყო, რათა მისგან გამეგო, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„პარი სენ-ჟერმენის“ ექიმსაც ვესაუბრე და მოგვიანებით ტესტებმა ეს მდგომარეობა დაადასტურა. რაც მოხდა, მოხდა, ახლა ვეღარაფერს ვიზამთ. რაც მთავარია, ერთი დიდი ეტაპი გადალახულია და ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ახლა არის ხანგრძლივი, დამღლელი, რუტინული, მაგრამ აუცილებელი სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ასევე კარგად ჩაივლის.

ექიმი, რომელთანაც ხვიჩამ ოპერაცია გაიკეთა, უმაღლესი დონის პროფესიონალი და ამ კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. საიმედო ხელშია. ამ ტრავმასთან მიმართებით ერთ-ერთი წამყვანი როლი ფსიქოლოგიურ და მენტალურ მდგრადობას აქვს, რადგან რეაბილიტაციის პერიოდი დამღლელი, რთული და რუტინულია, განსაკუთრებით — საწყისი პერიოდი.

ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ხვიჩა ამ მხრივ ძალიან ძლიერია, საერთოდ არ მეშინია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად, პროფესიონალურად და წარმატებით გადალახავს. ის აუცილებლად ძალიან ძლიერი დაბრუნდება.

სარეაბილიტაციო პერიოდის ვადად 7-9 თვეა მოცემული და მართლაც ასეა, თუმცა, ჩემი აზრით, სჯობს არც ერთ ეტაპზე არ ვიჩქაროთ და დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რადგან შეიძლება ამას უკუშედეგები მოჰყვეს. მე ვთვლი, რომ ეს სეზონი მისთვის დამთავრებულია და მომდევნო სეზონიდან დაიწყებს ვარჯიშს“, — განაცხადა ხარაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში, „ბარსელონასთან“ მატჩში გაიწყვიტა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ორი საგოლე გადაცემა, მოპოვებული პენალტი და მომენტი | კვერნაძე ლეჩესთან ბრწყინვალე იყო
    ორი საგოლე გადაცემა, მოპოვებული პენალტი და მომენტი | კვერნაძე ლეჩესთან ბრწყინვალე იყო