გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძეს სათამაშო დრო არ ეძლევა | ორლანდოს 9-ქულიანი მეოთხედი და მარცხი

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის ახალი სეზონი ცუდად დაიწყო და შვიდი მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო, საშინაო არენაზე კი ჯერჯერობით გამარჯვების გარეშეა. გამთენიისას ფლორიდელები „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუპირისპირდნენ და 94:103 დამარცხდნენ.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და „ორლანდო“ მხოლოდ ერთი ქულით აგებდა — 59:60. მესამე მეოთხედში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. „მეჯიქმა“ კატასტროფული პერიოდი ჩაატარა და 12 წუთში მხოლოდ 9 ქულა ჩააგდო.

„ორლანდოს“ ბოლოს ასეთი რამ გასული სეზონის პლეი-ოფის პირველი რაუნდის მეექვსე შეხვედრაში დაემართა, როდესაც „დეტროიტ პისტონსთან“ ბოლო მეოთხედში მხოლოდ 8 ქულა მიითვალა. რაც შეეხება „ვაშინგტონს“, „უიზარდსისთვის“ ეს 2017 წლის შემდეგ პირველი მეოთხედია, რომელშიც მეტოქეს 10-ქულიანი ნიშნულის გადალახვის საშუალება არ მისცა. ბოლოს „ვაშინგტონმა“ ეს „ნიუ-ორლეანთან“ გააკეთა.

გოგა ბითაძე სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და სათამაშო დრო არ მიეცა. „ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. დესმონდ ბეინმა მატჩი 20 ქულით დაასრულა. „უიზარდსის“ მხრიდან 27 ქულით ენტონი დევისი გამოირჩა. ეიჯეი დიბანცას 21 ქულა ჰქონდა, კიშონ ჯორჯს — 22.

ცნობისთვის, „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-11 პოზიციას იკავებს და მომდევნო შეხვედრას 6 ნოემბერს, „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ევროპის გუნდური ჩემპიონატი | როგორია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
    ევროპის გუნდური ჩემპიონატი | როგორია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა