მაიკლ კერიკი
Aa
Aa

„იმას გავაკეთებ, რაც კლუბისთვის საუკეთესო იქნება“ - კერიკი პოსტის დატოვებაზე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ კერიკმა პრემიერლიგის მე-8 ტურში „ბორნმუთთან“ 0:3 მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ თავის მომავალზე გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

რას ამბობს კერიკი:

„ერთი გოლის შემთხვევაში ლენი იოროს ფეხი დაუცურდა, მეორეს შემთხვევაში კი სადავო ჯარიმა დაინიშნა ეიდენ ჰევენთან ეპიზოდის შემდეგ. არ ვფიქრობ, რომ ვინმე მასთან იმდენად ახლოს იყო, რომ ამის გამო ჯარიმა დანიშნულიყო. ლენის ფეხი დაუცურდა და ეს საწყენია, რადგან მას დიდი მომავალი აქვს და ნიჭიერი ფეხბურთელია. დღეს შეცდომა დაუშვა და ამას განიცდის, მაგრამ არ ღირს. შეცდომები ხდება – ეს შეცდომაც კი არ არის, უბრალოდ შემთხვევითობაა.

მესამე გოლი გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. მეორე ტაიმში გულშემატკივრები ელოდნენ, რომ თამაშში დავბრუნდებოდით. ერთი მომენტის შექმნა და ერთი გოლის გატანა მაინც რომ შეგვძლებოდა, ისინი ჩვენს მხარეს იქნებოდნენ. მაგრამ ეს მომენტი ვერ ვიპოვეთ, მესამე გოლმა კი საბოლოოდ გაგვანადგურა. ამის შემდეგ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც წავიდა.

ეს აშკარაა, მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგ უცნაური, შერეული გრძნობები დაგვრჩა. მატჩის დასრულების ძალიან უსიამოვნო გზა იყო“.

ფეხბურთელების შესახებ

„მათთვის მძიმე დღეა. მატჩს უკვე ფსიქოლოგიურად ოდნავ შერყეულები მივუდექით და ეს მოედანზეც იგრძნობოდა. თუმცა, მოთამაშეები ბრძოლას განაგრძობდნენ. ისინი იმედგაცრუებულები არიან, სტკივათ. მომხდარს მძიმედ განიცდიან. უსიამოვნოა მათი ასეთ დათრგუნულ მდგომარეობაში ხილვა. მაგრამ ვერაფერს ვიზამთ – ეს უნდა მივიღოთ. ახლა ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებით.

მიჭირს ამ კლუბში ასეთი დღის გადატანა და იმ ემოციების განცდა, რაც დღეს მქონდა. არა პირადად ჩემ გამო, არამედ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გამო. დღეს ემოციები ძალიან წინააღმდეგობრივი იყო. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ამ კლუბში დიდი ხანია ვარ. საშინლად მტკივნეულია იმის ყურება, რომ ამჟამად ამ ყველაფრის გადატანა გვიწევს“.

თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლება

რა იქნება შემდეგ? არ ვიცი. ყოველთვის იმას გავაკეთებ, რაც ამ საფეხბურთო კლუბისთვის საუკეთესოა. ამ პრინციპს არც ახლა შევცვლი. მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. მიყვარს ეს პასუხისმგებლობა. ხელმძღვანელებს შევხვდები და ყველაფერი ამის შემდეგ გადაწყდება. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ“.

ამ თამაშამდე ბრიტანულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ „ბორნმუთთან“ წარუმატებელი შედეგის შემთხვევაში, მაიკლ კერიკს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებდნენ.

8 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მხოლოდ 1 მოგება, ასევე 4 ფრე და 3 მარცხი აქვს და 7 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება.

მან. იუნაიტედი - ბორნმუთი 0:3

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მიზეზი ცნობილია | ტიბო კურტუა ელ კლასიკოს გამოტოვებს
    მიზეზი ცნობილია | ტიბო კურტუა ელ კლასიკოს გამოტოვებს