გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

5-ჯერ მეტი ხელფასი | ფროზინონე კვერნაძეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

TUTTOmercatoWEB-ის ცნობით, „ფროზინონეს“ პრეზიდენტი მაურიციო სტირპე გიორგი კვერნაძეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, რომელიც ძალაში 2028 წლის 30 ივნისამდეა, ფეხბურთელის წლიური ხელფასი 200 000 ევროა. სტირპე მზადაა, კვერნაძეს ანაზღაურება ხუთჯერ — ერთ მილიონ ევრომდე გაუზარდოს. წყაროს ცნობით, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, შესაძლოა კლუბი ფეხბურთელის გაყიდვას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დათანხმდეს.

კვერნაძის კარგი თამაში ევროპულ კლუბებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ქართველი გარემარბი „რომას“, „მონაკოს“, „ევერტონისა“ და „კრისტალ პალასის“ რადარზეა. „ჯალოროსისთან“ დაახლოებული ჟურნალისტი, ვილიამ ლასალანდრა წერს, რომ დედაქალაქური კლუბი აპირებს სწრაფად იმოქმედოს და კონკურენტებს აჯობოს. „რომაში“ იციან, რომ კონკურენცია მაღალია და გეგმავენ, ტრანსფერი იანვარში დახურონ. საამისოდ, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველმა გარემარბმა იტალიის სერია A-ში 10 მატჩი ჩაატარა (836 წუთი), 3 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი შეასრულა და 1 პენალტი გამოიმუშავა. გარდა ამისა, იტალიის თასზე ერთი მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

Transfermarkt-მა, მიმდინარე სეზონის მიხედვით, ფეხბურთელის საბაზრო ფასი 4-დან 8 მილიონ ევრომდე გაზარდა.

კვერნაძეს პროფესიულ დონეზე „იბერიაში“, „თელავსა“ და „დინამო ბათუმში“ უთამაშია. 2023 წლის ზაფხულში ფოთის „კოლხეთიდან“ ერთწლიანი იჯარით „ფროზინონეში“ გადავიდა, 2024 წლის ზაფხულიდან იტალიური კლუბის სრულუფლებიანი ფეხბურთელია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები