ტაქტიკური ევოლუცია - ჟოზეს მოულოდნელი ფორმულა და სრული ჰარმონია
მადრიდის „რეალის“ დაცვაში პროგრესი სულ უფრო თვალსაჩინო ხდება და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბურთის ფლობისას გუნდის თამაშის გაუმჯობესებაა. „ვალდებებასზე“ მიიჩნევენ, რომ გუნდი უფრო თავდაჯერებულია, უკეთ აკონტროლებს მატჩებს, იშვიათად კარგავს ბურთს და მისი დაკარგვის შემთხვევაშიც უფრო ორგანიზებულად რეაგირებს.
მადრიდელებმა ისეთი სათამაშო ფორმულის პოვნა დაიწყეს, რომელსაც უკვე შედეგი მოაქვს და ერთი საინტერესო პარადოქსით გამოირჩევა: შეტევაში უკეთ თამაში გუნდს დაცვაშიც უფრო ძლიერს ხდის.
„სამეფო კლუბის“ თამაშის ტემპს უკეთ აკონტროლებს, გაცილებით ნაკლებ არაზუსტ გადაცემას აკეთებს და მეტოქეს ბურთის დაბრუნების ნაკლებ შესაძლებლობას აძლევს. გუნდი შეტევაში აღარ მოქმედებს უწინდელი ქაოსით, რასაც ბურთის დაკარგვის შემდეგ პირდაპირი შედეგი აქვს — ფეხბურთელები უკეთ არიან განლაგებულნი, რათა ბურთის დაკარგვისთანავე პრესინგი დაიწყონ, სწრაფად იმოქმედონ და ბურთის საკუთარ კართან რაც შეიძლება შორს დაბრუნება სცადონ.
ამ პროცესში გადამწყვეტ როლს მოურინიოს შემტევი ტრიო — დიომანდე, ბელინგემი და არდა — ასრულებს. თუმცა, პროგრესი მხოლოდ ბურთის დაკარგვისთანავე რეაგირებით არ შემოიფარგლება. „ვალდებებასზე“ ერთ-ერთ ყველაზე დადებით ნიშნად მიიჩნევენ იმას, რომ გუნდი თანდათან კომფორტულად გრძნობს თავს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბურთის დაუყოვნებლივ დაბრუნებას ვერ ახერხებს.
„რეალი“ პოზიციურ დაცვაში უფრო ორგანიზებულად გამოიყურება, უკეთ კეტავს ცენტრალურ ზონებს და დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის უფრო მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეტოქისთვის საფრთხის შესაქმნელად ბურთის სწრაფად დაბრუნება ყოველთვის აუცილებელი აღარ არის. მაგალითად, „რასინგთან“ მატჩში მადრიდელებს მეტოქისთვის კარის ჩარჩოში მხოლოდ ერთი დარტყმის უფლება მისცეს.
ამ ტაქტიკური ევოლუციის უკან ჟოზე მოურინიოსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავება დგას. გამარჯვების შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მნიშვნელოვანი შეფასება გააკეთა:
„ახლა უკვე მესმის ისეთი საკითხები, რომლებიც პირველ დღეს არ მესმოდა. ფეხბურთელებიც უკეთ იგებენ ჩემს, როგორც მწვრთნელის, ხასიათს. მათ იციან, რომელი პრინციპებია ჩემთვის შეუვალი. მოთამაშეებსა და მწვრთნელს, ჩემს იდეებსა და მათ შესაძლებლობებს შორის კარგი ადამიანური ურთიერთობა ჩამოყალიბდა...“
ეს განცხადება აჩვენებს, რომ გუნდში ადაპტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და მწვრთნელის მოთხოვნები გასახდელში თანდათან მყარად მკვიდრდება.
ახლა გუნდი უფრო კომპაქტურად თამაშობს, კონცენტრაციას ნაკლებად კარგავს და სულ უფრო კარგად ესმის, როგორი ფეხბურთის ხილვა სურს მის მწვრთნელს. დაცვითი მექანიზმი ჯერ კიდევ შორსაა იმ სრულყოფილებისგან, რომელსაც მოურინიო ითხოვს, თუმცა პროგრესი აშკარაა.
გუნდის ხანგრძლივი შეტევები და დაცვის ხაზში სიმშვიდე „რეალ მადრიდის“ გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ საიდუმლოზე მიუთითებს: მადრიდელები თავს იმ გზით იცავენ, რომელსაც არავინ ელოდა — ბურთის ფლობით.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს