ბარსელონა, როდრი
Aa
Aa

ტრავმა მარტივი არ არის - როდრი 1 თვეზე მეტს გამოტოვებს

როდრიმ დღეს დილით სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარა, რათა სპეციალისტებს გუშინ, სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ასტონ ვილასთან“ მიღებული დისკომფორტის მიზეზი და დაზიანების ხარისხი დაედგინათ. გამოკვლევებმა მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა გამოავლინა, რის გამოც ესპანელ ნახევარმცველს „ატლეტიკო მადრიდთან“ მატჩის გამოტოვება მოუწევს.

მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო რეაბილიტაციის პროცესზე იქნება დამოკიდებული.

„ბარსელონამ“ დღეს ნაშუადღევს ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:

„პირველი გუნდის ფეხბურთელმა როდრიგო ერნანდესმა გუშინდელ მატჩში „ასტონ ვილასთან“ კუნთის არეში დისკომფორტი იგრძნო, რის შემდეგაც სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა. ტესტებმა მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთის მსუბუქი დაზიანება დაადასტურა. ფეხბურთელი მომდევნო კვირას, „ატლეტიკო მადრიდთან“ გასამართ მატჩს გამოტოვებს. გამოჯანმრთელების ზუსტი ვადა ტრავმის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული“.

„როდრი შევცვალე, რადგან მცირე დისკომფორტს გრძნობდა“, — განმარტა ჰანსი ფლიკმა „ასტონ ვილასთან“ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. გერმანელი სპეციალისტი თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ დაზიანება მსუბუქი იყო, თუმცა საბოლოო პასუხი დღეს ჩატარებულ სამედიცინო გამოკვლევებს უნდა გაეცა.

ესპანელი ნახევარმცველი ფლიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. „სიტის “ ყოფილმა მოთამაშემ „ბარსელონას“ მაისურით 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან მხოლოდ „ელჩესთან“ შეხვედრა გამოტოვა, რადგან კლუბში გადასვლის შემდეგ ახალ გარემოსთან ადაპტაციას გადიოდა. დანარჩენ 11 შეხვედრაში კი ძირითად შემადგენლობაში იყო.

როდრი „ბარსელონას“ ნახევარდაცვის საყრდენ დუეტში პედრისთან ერთად რეგულარულად თამაშობს.

27 აგვისტოს, „ატლეტიკ ბილბაოსთან“ დებიუტის შემდეგ, როდრის კატალონიური გუნდის არცერთი მატჩი არ გამოუტოვებია — არც ჩემპიონთა ლიგაზე და არც ლა ლიგაში. საერთო ჯამში, მან მოედანზე 945 წუთი გაატარა.

ჰანსი ფლიკი ესპანელ ნახევარმცველს შეუცვლელ ფეხბურთელად მიიჩნევს. მას ბურთის კონტროლის, მისი დაბრუნებისა და თამაშის ტემპის მართვის განსაკუთრებული უნარები აქვს, რის გამოც მწვრთნელი მას დასვენების საშუალებას იშვიათად აძლევდა. ახლა კი როდრის პაუზის აღება მოუწევს.

ის მომდევნო კვირას ლა ლიგაში „ატლეტიკო მადრიდთან“ შეხვედრას გამოტოვებს. ასევე, დიდი ალბათობით, სანაკრებო პაუზის შემდეგ გასამართ პირველ მატჩებშიც ვერ ითამაშებს.

ცნობისთვის, „ბარსელონას“ ტრავმირებულთა სიაში ასევე არიან რუნი ბარჯი, ანდრეას კრისტენსენი, დანი ოლმო, ერიკ გარსია, ჟიულ კუნდე და ჩავი ესპარტი. არცერთი მათგანი ამჟამად გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და ყველა ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მომზადებას.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „შეიძლება იგივე შენც დაგემართოს“ | რაფინიამ ხესუს დე მიგელის ხსოვნას პატივი მიაგო
    „შეიძლება იგივე შენც დაგემართოს“ | რაფინიამ ხესუს დე მიგელის ხსოვნას პატივი მიაგო