დრამა დანიაში - დინამომ კოპენჰაგენი პენალტების სერიაში დაამარცხა
უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე - თბილისის „დინამოს“ 19-წლამდე გუნდმა საკუთარ სტადიონზე 3:0-ის მოგების შემდეგ, დანიაში „კოპენჰაგენთან“ 0:3 დამარცხდა, თუმცა გამარჯვება პენალტების სერიაში შეძლო და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
შეხვედრის პირველი ტაიმი „დინამოსთვის“ კოშმარული გამოდგა. მასპინძლები მე-3 წუთზე ოდეფალკის გოლით დაწინაურდნენ, რომელმაც საჯარიმოს გარედან ცხრიანში გაიტანა. 38-ე წუთზე ოდეფალკმა დუბლი გაიფორმა. ამჯერად რამდენიმესვლიანი ლამაზო კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.
კოშმარული ტაიმი 44-ე წუთზე ცენტრალური მცველის ანდრია ნიჟარაძის გაძევებით დასრულდა. დარღვევა აშკარა იყო, ბარათიც სამართლიანი - ბოლო იმედის ჯარიმა წითლით ფასდება.
მეორე ტაიმი ვასილ გეგუჩაძემ ორმაგი ცვლილებით დაიწყო - ორი შემტევი თორნიკე კვარაცხელია და ნიკოლოზ ადუაშვილი გაიყვანა, მათ ნაცვლად მცველი შოთიკო დიაკონიძე და ნახევარმცველი კობა კაკაშვილი შეიყვანა. მიზანი ნათელი იყო - „დინამოს“ უნდა გაეძლო და ანგარიში შეენარჩუნებინა.
71-ე წუთზე ელვინ მეჰჩიჩმა ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა - 3:3. თითქოს მასპინძლებს ყველაფერი ჰქონდათ შეხვედრის ძირითად დროშივე მოსაგებად, თუმცა გეგუჩაძის გუნდმა ბოლომდე გაძლო და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.
თერთმეტმეტრიანებში გადამწყვეტი როლი ნერვებმა ითამაშა. დარტყმები ისე წარიმართა, რომ პირველი შეცდომა ყველაფერს გადაწყვეტდა. 4:4-ზე ჰენრიკ ჰარალდსენმა კარს ააცილა, გაბრიელ გოგუამ კი ცივსისხლიანად შეასრულა და 5:4 – „დინამო“ მომდევნო ეტაპზეა.
აღსანიშნავია, რომ ვასილ გეგუჩაძემ პენალტების სერიის დაწყების წინ, სანდრო მიქაუტაძე შეცვალა და მის ნაცვლად სწორედ გაბრიელ გოგუა შეიყვანა. როგორც აღმოჩნდა ეს მწვრთნელის მხრიდან სწორი გათვლა იყო.
ბოლოს გეტყვით, რომ „დინამოს“ ასაკობრივი გუნდის მეტოქე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფლორენციის „ფიორენტინა“ იქნება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს