ავთანდილ ასათიანი, ალი ასლანი
Aa
Aa

“ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ“ - ასათიანის და ასლანის კომენტარები

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლიბანთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.

ავთანდილ ასათიანის გუნდი შეკრებას თელავში გადის, სადაც 5 და 7 ნოემბერს ლიბანის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

მზადების პროცესისა და მოახლოებული მატჩების შესახებ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა, და ფეხბურთელებმა, ალი ასლანიმ და ლევან სვანიძემ ისაუბრეს

ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „პირველ რიგში, მსურს თელაველებს ვთხოვო მხარდაჭერა. ძალიან კარგი დარბაზი გვაქვს და მოხარულები ვართ, რომ აქ ჩამოვედით. უკვე ორი დღეა, თელავში ვიმყოფებით და ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი მატჩი დაგვრჩა, ამიტომ ლიბანის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრები ჩვენთვის კარგი მოსამზადებელი ეტაპი იქნება.

სამწუხაროდ, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმირებულია, თუმცა მათ ახალგაზრდა მოთამაშეები ჩაანაცვლებენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ორი შეხვედრა მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ და შევარჩიოთ ის ტაქტიკა, რომელიც საკვალიფიკაციო მატჩებში დაგვჭირდება.“

ალი ასლანი (ფუტსალის ნაკრების წევრი): „ვემზადებით ლიბანის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი თამაშებისთვის. საინტერესო შეხვედრები გველის. ლიბანი აზიის დონეზე საკმაოდ კარგი გუნდია. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოსაგებად გავდივართ მოედანზე.“

წყარო - Nakrebi.ge

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები