2-ბურთიანი უპირატესობის მიუხედავად | საქართველო კოსოვოსთან დამარცხდა
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში კოსოვს უმასპინძლა და დასანანი ქულები დაკარგა. ასათიანის გუნდი 2:0-ს იგებდა, თუმცა მატჩი 2:3 წააგო.
ანგარიში მე-4 წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ გახსნა. საგოლე პასი კი შოთა თოფურიამ მიითვალა.
ტაიმის მიწურულს, სხვაობა ორამდე ლევან სვანიძემ გაზარდა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. შეხვედრის 34-ე წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. ამის შემდეგ, კოსოვო კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა და ერთ-ერთი კონტრ-შეტევის დროს წონასწორობა აღადგინა.
დარჩენილ დროში, რა თქმა უნდა, საქართველო გააქტიურდა და დაცვის ხაზი მოაშიშვლა, რითიც სტუმრებმა ისარგებლეს, მესამე გოლი გაიტანეს და თამაში მოიგეს.
ცნობისთვის, ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში იტალიას სტუმრად დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 20 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:30-დან დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს