ქოჩორაშვილი რეალთან არ იქნება? - MARCA მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს
დღეს „სევილიამ“ საწვრთნელ ბაზაზე კვირის მეორე ვარჯიში გამართა. გუნდს სამშაბათი აღდგენითი პროცედურებისთვის ჰქონდა დათმობილი. ამგვარად, ანდალუსიურმა კლუბმა მომავალი კვირის რთული გამოცდისთვის მზადება დაიწყო — კვირას „სევილია“ სტუმრად მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.
თუმცა, დილის ვარჯიშს სამედიცინო ანგარიშში კიდევ ერთი ცუდი ამბავი მოჰყვა. ჯონ გურიდი მოედანზე არ გასულა, რადგან მარცხენა ბარძაყის კუნთის ხანგრძლივი ტრავმა დაუდასტურდა. ბასკმა ნახევარმცველმა რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაიწყო და მისი მდგომარეობა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გასამართი მატჩისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს.
გურიდის არყოფნა ნახევარდაცვის ხაზში ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა. გიორგი ქოჩორაშვილსაც თანაგუნდელებთან ერთად არ უვარჯიშია — ქართველმა ნახევარმცველმა სავარჯიშო დარბაზში ინდივიდუალური პროგრამით იმუშავა. კლუბში იმედოვნებენ, რომ ქოჩორაშვილი კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად ვარჯიშს შეძლებს, თუმცა მისი მდგომარეობა შეშფოთების საფუძველს იძლევა. მით უმეტეს, რომ ნახევარდაცვას უკვე აკლია იკერ მუნიოსი, მარკაო და მიგელ სიერა. ამ უკანასკნელმა „სიუტატ დე ვალენსიაზე“ მხარი ამოიგდო და ტრავმის გამო რამდენიმე თვეს გამოტოვებს.
დადებითი სიახლე კი ლუკას სტასინის უკავშირდება — ბელგიელმა ზედიზედ მეორე ვარჯიში ჩაატარა გუნდთან ერთად. შესაბამისად, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის მოედანზე დაბრუნებას მადრიდში შეძლებს. სტასინის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისააკ რომეროს დისკვალიფიკაციის გათვალისწინებით. თავდამსხმელი „ლევანტესთან“ ბოლო მატჩში გოლის აღნიშვნის გამო გააძევეს. რომეროს არყოფნაში სტასინი, როგორც ჩანს, რობი ურეს ერთადერთი ალტერნატივაა.
დანაკლისის შესამცირებლად ლუის გარსია პლასამ კვლავ უხმო სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებს, მათ შორის, ხორხე მორენოს, ნიკო გილენს, მანუელ ანხელსა და იბრა სოუს.
„სევილიას“ ამ კვირაში კიდევ სამი ვარჯიში აქვს დაგეგმილი. პარასკევს ლუის გარსია პლასა ლა ლიგის მეცხრე ტურის წინ პრესკონფერენციას გამართავს, რამდენიმე საათის შემდეგ კი გუნდი მადრიდში გაემგზავრება.
ცნობისთვის, მადრიდის რეალისა და სევილიას დაპირისპირება 18 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს