„მის გარეშე სევილიამ სისხარტე დაკარგა“ - MARCA ქოჩორაშვილს აქებს
ლა ლიგის მე-8 ტურში ვალენსიაში „სევილია“ „ლევანტეს“ დაუპირისპირდა და დრამატულ მატჩში ფრედ 3:3 ითამაშა.
გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA ამ შეხვედრას შეეხო და ანალიზი შემოგვთავაზა, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილის წვლილი გამოყო.
„სევილია მებრძოლი ხასიათის, ენერგიული და პირდაპირი სტილის მქონე გუნდია, მაგრამ მას უჭირს თამაშის გაკონტროლება მაშინ, როცა სიტუაცია ამას მოითხოვს. „სიუტატ დე ვალენსიაზე“ მათ ძლიერი შემტევი ფეხბურთი აჩვენეს, უამრავი მომენტი შექმნეს და 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა „ლევანტეს“ - გუნდს, რომელიც უკან არასდროს იხევს - ამოსუნთქვის საშუალება მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მათ სასარგებლოდ იყო, „სევილია“ იერიშების ქაოტურ გაცვლაში ჩაება, რაც საბოლოოდ ფრით, 3:3 დასრულდა. ხელიდან გაშვებული ორი ქულის გამო დარჩენილი მწარე გემო, როგორც ეს „კორნელიაზეც“ მოხდა, ნათელი და რთულად გადასაჭრელი პრობლემიდან მომდინარეობს. მანამდე კი, კვლავ იქნება ისეთი დღეები, როცა ამის გამო საფასურის გადახდა მოუწევთ.
ლუის გარსია პლასამ იგივე სასტარტო თერთმეტეული აირჩია, რომელმაც „ბარსელონას“ წინააღმდეგ ითამაშა, იმ გამონაკლისით, რომ სანგანტეს ნაცვლად მოედანზე კიკე სალასი გამოვიდა. ნახევარდაცვაში აგუმეს, ქოჩორაშვილისა და ფოფანას ძალიან მყარი ტრიო ჩამოყალიბდა, სადაც ამ უკანასკნელმა კვლავ უფრო წინ ითამაშა და თავისი ამოუწურავი ენერგია წარმოაჩინა. თავდასხმაში სასტარტო ადგილი შეინარჩუნა რობი იურემ, რომელზეც დამატებითი წნეხი იყო, რომ გოლი საბოლოოდ გაეტანა, რადგან მას „სირიუსში“ თამაშის შემდეგ თავი არ გამოუჩენია. ეს უკვე ნაცნობი შემადგენლობაა, რომელიც თანდათან გუნდის სტანდარტად იქცევა.
იურეს მიერ ხელიდან გაშვებული ორი აშკარა მომენტის გარდა - თითო თითოეულ ტაიმში - „სევილია“ თავისი მთავარი სისუსტით დაზარალდა: ეს არის ტემპის დაგდება მაშინ, როცა ანგარიში მათ სასარგებლოდ არის. ამის ერთ-ერთი მიზეზი აგუმეს ცუდი თამაში იყო. ფეხბურთელის, რომელიც ამ როლისთვის ალბათ ყველაზე მეტადაა ზედგამოჭრილი. გადაწყვეტილებების მიღებისას ის ნელი იყო, ბურთს ზედმეტად დიდხანს აყოვნებდა, ზედმეტად ხშირად მიმართავდა გრძელ გადაცემებს და ორთაბრძოლებში დამაჯერებლობა აკლდა. სრულიად საპირისპირო ითქმის ქოჩორაშვილზე, რომელიც უფრო დინამიკური იყო და მუდამ ერთი შეხებით თამაშობდა. ქართველის გარეშე სტუმრებმა დაკარგეს ის სისხარტე, რაც მატჩის დასკვნით ეტაპზე მასპინძელთა დასაღლელად იყო საჭირო“.
- წერს მადრიდული გამოცემა.
ლა ლიგის 8 ტურის შემდეგ, „სევილია“ 14 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება. ქოჩორაშვილის გუნდი მეცხრე ტურში მადრიდში „რეალს“ დაუპირისპირდება. მატჩი 18 ოქტომბერს, ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს