გიორგი გაგუას მაგარი ჟესტი | საპრიზო თანხა კლუბის აკადემიას გადაურიცხა
გიორგი გაგუა სლოვაკეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა. „დუნაისკა სტრედას“ ქართველი ფეხბურთელი გულშემატკივრებმა ოქტომბერში გამოარჩიეს და „რუჟომბეროკის“ კარში გატანილმა ბურთმა გამოკითხვაში ხმების 39.1 პროცენტი მიიღო.
გაგუას სპეციალური ჯილდო და 5 000 ევრო გადასცეს. 25 წლის შემტევმა გადაწყვიტა, მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოახმაროს და 5 000 ევრო „დუნაისკა სტრედას“ საფეხბურთო აკადემიას გადაურიცხა, რომელიც თანხას ახალგაზრდა ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებისთვის გამოიყენებს.
„ბავშვებთან მიმართებით კლუბი სამაგალითოდ მუშაობს. ძალიან მაგარია, რომ ბავშვებს შეუძლიათ, ფეხბურთი ითამაშონ და სიამოვნება მიიღონ. ხანდახან სოციალურ ქსელებში მათ მატჩებს ვუყურებ და შემიძლია, ვთქვა, რომ ნამდვილად ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს“, — განაცხადა გაგუამ.
ცნობისთვის, ქართველმა ფეხბურთელმა „კომარნოსთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ლავიწის ძვალი გაიტეხა. გაგუას ოპერაცია ჩაუტარდა და გუნდს 6-8 კვირა ვერ დაეხმარება.
რაც შეეხება მის გუნდს, „დუნაისკა სტრედა“ სატურნირო ცხრილის ლიდერია და 41 ქულა აქვს. გაგუასა და ცოტნე კაპანაძის გუნდი უშუალო მდევარს 10 ქულით უსწრებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს