გიორგი მამარდაშვილი, იან ობლაკი
Aa
Aa

„ობლაკს შეცვლის? ატლეტიკო მამარდაშვილს აკვირდება“ - ესპანური პრესა

გიორგი მამარდაშვილის მომავლის შესახებ, ბოლო დროს აქტიურად იწერება. ქართველ მეკარეს ესპანურ ლა ლიგაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.

გაიჟღერა „ვალენსიაში“ დაბრუნების ვარიანტმაც. დღეს კი ესპანური fichajes-ი მადრიდის „ატლეტიკოში“ შესაძლო ტრანსფერს შეეხო და ვრცელი, საინტერესო სტატია შემოგვთავაზა.

„მადრიდის „ატლეტიკომ“ შესაძლოა „ლივერპულის“ 26 წლის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალში თავისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობა დაინახოს, თუ „ენფილდზე“ ალისონ ბეკერის დარჩენა დადასტურდება. ბრაზილიელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, რაც მას კლუბში 2029 წლამდე დატოვებს - ეს სცენარი ქართველს საშუალებას მისცემს, ისეთი გუნდი მოძებნოს, სადაც სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ექნება.

ეს სიტუაცია ემთხვევა მადრიდის „ატლეტიკოს“ გეგმებს, რომელიც იან ობლაკის შემცვლელის მომზადებას გულისხმობს - სლოვენიელს კონტრაქტი 2028 წლის ივნისში ეწურება. თუმცა, მამარდაშვილის თაობაზე „ატლეტიკოს“ მხრიდან შეთავაზების ან „ლივერპულთან“ ოფიციალური მოლაპარაკებების შესახებ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მისი სახელი, ამ ეტაპზე, სატრანსფერო ბაზართან დაკავშირებულ მხოლოდ ერთ-ერთ შესაძლებლობად უნდა განიხილებოდეს.

34 წლის ალისონ ბეკერმა „ენფილდზე“ დარჩენის სურვილი გამოთქვა და მისი აგენტი კლუბთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. მას შემდეგ, რაც „ლივერპულმა“ ხელშეკრულების გახანგრძლივების ოფცია გაააქტიურა, ბრაზილიელ მეკარეს კლუბთან კონტრაქტი 2026-27 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

ნიკოლო სკირას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეკარემ ახალი კონტრაქტი 2029 წლამდე მოითხოვა. „ლივერპულმა“ მოლაპარაკებები დაიწყო და, იმავე წყაროს ცნობით, მისი წასვლის ხელშეწყობას არ განიხილავს. გასულ ზაფხულს ინტერესი „იუვენტუსმა“ და „ფლამენგომ“ უკვე გამოიჩინეს, თუმცა გარიგება არ შედგა.

ეს ნაბიჯი პირდაპირ აისახება გიორგი მამარდაშვილზე. საქართველოს ნაკრების მეკარე „ლივერპულში“ „ვალენსიაში“ გატარებული პერიოდის შემდეგ მივიდა, თუმცა ალისონის პირველი მეკარის პოზიციიდან ამოგდება ვერ მოახერხა. ბრაზილიელის გუნდში დარჩენა მოკლევადიან პერსპექტივაში მის შანსებს, გახდეს სასტარტო შემადგენლობის წევრი, შეამცირებს.

ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ორ მეკარეს შორის მოედანზე არსებული ურთიერთობა აღწერა, როგორც სიტუაცია, რომლის გადაჭრაც „ლივერპულს“ მოუწევს. მამარდაშვილი ინგლისში იმისთვის არ ჩასულა, რომ განუსაზღვრელი ვადით სათადარიგოთა სკამზე დარჩეს, და შესაძლოა წასვლაზეც დაფიქრდეს, თუ გუნდში მისი როლი არ შეიცვლება.

მადრიდის „ატლეტიკოში“ მეკარის პოზიციის დაგეგმვა იან ობლაკის მომავალს უკავშირდება. 33 წლის სლოვენიელს კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს და დიეგო სიმეონესთვის საკვანძო მოთამაშედ რჩება, თუმცა სპორტული მენეჯმენტი მომდევნო ეტაპისთვის ალტერნატივებს უკვე ეძებს.

ნოემბერში გავრცელებული ცნობების თანახმად, მადრიდის „ატლეტიკოს“ მიერ განხილულ კანდიდატებს შორის „რივერ პლეიტის“ მეკარე სანტიაგო ბელტრანი და „შტუტგარტის“ კარის დარაჯი დენის ზაიმენი სახელდებოდნენ. ძიება ფოკუსირებულია ისეთი ახალგაზრდა მეკარის დამატებაზე, რომელიც ობლაკს კონკურენციას გაუწევს, სანამ სასტარტო პოზიციას გადაიბარებს. მამარდაშვილი კი განსხვავებულ ალტერნატივას წარმოადგენს: მას ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს და უკვე კარგად იცნობს იმ მოთხოვნებს, რაც სასტარტო ადგილისთვის ბრძოლას ახლავს თან.

გადამწყვეტი ფაქტორი იქნება მისი საკონტრაქტო მდგომარეობაც. ქართველ მეკარეს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2031 წლის ივნისამდე აკავშირებს, ამიტომ ნებისმიერი წასვლა კლუბებს შორის შეთანხმებას მოითხოვს და მხოლოდ მის სურვილზე არ იქნება დამოკიდებული. საჯაროდ დადასტურებული სატრანსფერო თანხა ან გამოსასყიდი პუნქტი ცნობილი არ არის.

ალისონ ბეკერის კონტრაქტის გახანგრძლივება იქნება პირველი ნაბიჯი, რომელსაც ვითარების შეცვლა შეუძლია. თუ ბრაზილიელი ხელშეკრულებას 2029 წლამდე გააფორმებს, მამარდაშვილს მოუწევს გადაწყვიტოს, დაელოდოს თავის შანსს „ენფილდზე“ თუ სხვა გუნდი მოძებნოს. მადრიდის „ატლეტიკოს“ კი მეკარის საკითხის მოგვარება 2028 წლამდე მაინც მოუწევს, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს დასტური იმისა, რომ მათ ობლაკის შემცვლელად „ლივერპულის“ მეკარე შეარჩიეს“.

- წერს ესპანური გამოცემა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები