„გაყოფილი გადაწყვეტილება სრული სიგიჟე იყო“ | ლუნა ალექსანდრესთან ჩხუბზე
UFC-ის ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე თოფურიას, ყოფილმა მეტოქემ, სანტიაგო ლუნამ, „ელ კონკისტადორთან“ გამართულ ჩხუბზე ისაუბრა. ლუნას თქმით, გაყოფილი გადაწყვეტილება სრული სიგიჟე იყო და მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გაიმარჯვა.
„სიმართლე გითხრათ, კიდევ ორი რაუნდის ჩატარება თავისუფლად შემეძლო — მადლობა ღმერთს, საოცარ ფორმაში ვიყავი და თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. ბრძოლის დროს ვერც კი ვგრძნობდი, რომ მეტოქეს ამდენ დარტყმას ვაყენებდი, მაგრამ ჩანაწერს რამდენჯერმე ვუყურე და უზომოდ კმაყოფილი ვარ.
ჩხუბი ჩემი გეგმის მიხედვით წარიმართა. ერთადერთი, რაშიც პროგნოზი არ გამართლდა, ის იყო, რომ მისი დაფინიშება მინდოდა. თუმცა, როცა დავინახე, რომ ჩემი დარტყმების რაოდენობა და წნეხი მუშაობდა, 110%-ით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი დარტყმა არ გამიშვია იმ განზრახვით, რომ „ახლა ამით გავთიშავ“.
რამდენჯერმე შევაბარბაცე კიდეც და დავინახე, რომ ზიანი მივაყენე, მაგრამ სწორედ ამაზე ვმუშაობდით: მოთმინება შემენარჩუნებინა და, თუ ფინიშის შანსი მოვიდოდა, გამომეყენებინა, მაგრამ ძალით არ გამერისკა. საბოლოო ჯამში, ყველანი მებრძოლები ვართ — ზედმეტ გაცვლაში შეიძლება თავად მომხვედროდა და ყველაფერი შეცვლილიყო.
ამას წინათ ჩემს ძმასაც ვეუბნებოდი: ახლა ყველა ამბობს, რომ ალექსანდრე „სუსტია“ ან „როგორც მებრძოლი არ ვარგა“, მაგრამ ეს აბსოლუტური ტყუილია. უბრალოდ, ბოლო 16 წელია თავდაუზოგავად ვშრომობ იმისთვის, რომ ჩემს ფონზე მეტოქეები ასე გამოჩნდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდი მებრძოლები არიან — არ მინდა, ქედმაღლურად გამომივიდეს, მაგრამ უბრალოდ უკეთესი ვარ.
ვიცოდი, რომ არ გამძარცვავდნენ, მაგრამ, როცა გაყოფილი გადაწყვეტილება გავიგე, გავიფიქრე: „რა?! ეს სიგიჟეა“. ვფიქრობ, მთელი ბრძოლა და ყველა რაუნდი ცალმხრივი იყო. თუ მისთვის რაუნდის მიცემა შეიძლებოდა, მხოლოდ იმ დარტყმის გამო, რომელიც ნოკდაუნად ჩაითვალა.
სიმართლე გითხრათ, მაშინ უბრალოდ ბალანსი მქონდა დაკარგული. რა თქმა უნდა, წესებით ეს ნოკდაუნად ითვლება, მაგრამ საერთოდ არ მტკენია. ვფიქრობ, თავადაც მიხვდა, როცა დასაფინიშებლად წამოვიდა — სახეზეც მეტყობოდა, რომ არაფერი მჭირდა. თუ რომელიმე რაუნდი უნდა მიეცათ მისთვის, მაქსიმუმ პირველი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრძოლა ჩვენი იყო“.
ცნობისთვის, თოფურიამ ლუნასთან ჩხუბის პირველ რაუნდში მარცხენა მხარი ამოიგდო, რამაც ბრძოლის სცენარზე დიდი გავლენა იქონია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს