„ასეთ ქცევას კაცები პატივს არ სცემენ“ | ფელდერი და ბისპინგი აბუ-დაბის ინციდენტზე
MMA-ის ყოფილმა მებრძოლებმა, პოლ ფელდერმა და მაიკლ ბისპინგმა, თავიანთ პოდკასტში მერაბ დვალიშვილისა და უსმან ნურმაგომედოვის ინციდენტზე ისაუბრეს. მათ ნურმაგომედოვისა და მისი თანმხლები პირების ქმედებები დაგმეს და აღნიშნეს, რომ მათ ქცევას არანაირი გამართლება არ აქვს.
პოლ ფელდერი: „ამ ქცევის გამართლება შეუძლებელია. ვიცი, რომ საქართველოში დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც მერაბს ერთ ადამიანთან მოუვიდა ინციდენტი. იყო თუ არა სულელური ქცევა? რა თქმა უნდა, თუმცა ეს არაფერს ამართლებს.
სილის გაწვნა ერთია, თუ პირისპირ დგახართ, მაგრამ ყველა შენი თანმხლები პირის ჩართვა და დაბლა მყოფი ადამიანებისთვის დარტყმების მიყენება... თანაც ზურგიდან... მათ ძალიან გაუმართლათ, რომ სერიოზული დაზიანება არავინ მიიღო. ეს ბინძური ქმედება იყო“.
მაიკლ ბისპინგი: „მერაბს იმ ბიჭთან ინციდენტი ერთი ერთზე მოუვიდა. შვიდი-ორზე სიმდაბლეა. ასეთ ქცევას კაცები პატივს არ სცემენ. თუ ვინმესთან პრობლემა გაქვს, მიდი და ერთი ერთზე დაელაპარაკე. მათ ციხეში 6 თვე არ გაუტარებიათ, რადგან ქალაქში ხაბიბი ჩაფრინდა“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და 23 ნოემბერს საქართველოში MMA აკადემია გახსნა. აკადემია სპორტსმენების მიღებას 30 ნოემბრიდან დაიწყებს. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს