ჯვაროსნებმა ათენში ივარჯიშეს - შენგელია გუნდს მატჩის დღეს შეუერთდება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ათენში პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი, კაპიტნის გარდა, საბერძნეთის დედაქალაქში სრული შემადგენლობით შეიკრიბა. თორნიკე შენგელია ეროვნულ გუნდს საბერძნეთთან თამაშის დღეს, 26 ნოემბერს შეუერთდება, ხოლო გუშინ ნაკრებში მიმდინარე ფანჯრის ფარგლებში პირველად ივარჯიშეს ლეგიონერებმა: რატი ანდრონიკაშვილმა, ალექსანდრე ფევაძემ, მარკის რიდმა და გიორგი კორსანტიამ. OAKA-ს ოლიმპიურ დარბაზში, სადაც საბერძნეთთან თამაშია დანიშნული, ჩვენი ნაკრები 25 ნოემბერს ივარჯიშებს.
აეკ-ის დარბაზი 9 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს და მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ანშლაგია მოსალოდნელი, რაც დიდი წნეხი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის. ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა საბერძნეთისთვის ოდნავ მეტი გამოწვევაა, რადგან საშინაო შეხვედრის წაგება ცხრილში წინ მყოფ მეტოქესთან (საქართველო) გვარიანი მინუსია.
პირველ ვარჯიშში მონაწილეობა 13-მა ქართველმა კალათბურთელმა მიიღო: გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, მარკის რიდი, გიორგი კობახიძე, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჭინჭარაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი, საბა გიგიბერია, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია.
საქართველოს ნაკრების მორიგი ვარჯიში დღეს, კვლავ აეკ-ის დარბაზში გაიმართება.
საბერძნეთი-საქართველოს მატჩი 26 ნოემბერს არის ჩანიშნული, 29 ნოემბერს კი ჯიკიჩის გუნდი თბილისში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
gbf.ge
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს