რას აპირებს პარი სენ-ჟერმენი | რამდენიმე ვარიანტი და აქცენტი უნივერსალიზმზე
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ სატრანსფერო გეგმების შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ქართველი ფეხბურთელის შემდეგ პარიზულ გრანდს დეზირე დუე გამოაკლდა, რომელმაც მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და გუნდს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა.
TeamTalk-ის ცნობით, შესაძლებელია, იანვარში „პარი სენ-ჟერმენმა“ გარემარბი დაიმატოს. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ლუის ენრიკეს გუნდის ყურადღების ცენტრში ესტევაო მოექცა. პსჟ „ჩელსის“ დაუკავშირდა კიდეც, თუმცა „არისტოკრატებმა“ მკაფიოდ განუცხადეს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებენ.
ესტევაოს გარდა „პარი სენ-ჟერმენს“ „ბორნმუთის“ ორი ფეხბურთელი, რაიანი და ელი ჯუნიორ კრუპი, მოსწონს. პრობლემა ისაა, რომ, ესტევაოს მსგავსად, პარიზელებს შუა სეზონში მათი გაფორმებაც გაუჭირდებათ. ბრაზილიური ტრიოს გარდა, არსებობს იბრაჰიმ მაზასა და საიდ ელ მალას კანდიდატურებიც.
პსჟ-ს გეგმებზე RMC-ის ცნობილი ჟურნალისტი, ფაბრის ჰოკინსიც, წერს. კლუბს რამდენიმე ვარიანტი ჰყავს შერჩეული, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, დახურავს თუ არა იანვარში ტრანსფერს, მიღებული ჯერ არ არის. ჰოკინსის თქმით, „პარი სენ-ჟერმენს“ უნივერსალი ფეხბურთელის გაფორმება სურს, რომელიც ტრავმირებული მოთამაშეების დაბრუნების შემდეგაც გამოსადეგი იქნება.
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენს“ 11 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის ლიდერია. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, პარიზელებმა ოთხიდან ოთხივე შეხვედრა მოიგეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს