განგაში პსჟ-ში | დუე რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს
„პარი სენ-ჟერმენმა“ კიდევ ერთი საკვანძო ფეხბურთელი დაკარგა, რომელსაც მუხლის წინა ჯვარედინი იოგი აქვს დაზიანებული. რამდენიმე კვირის წინ ხვიჩა კვარაცხელიამაც ანალოგიური ტრავმა მიიღო „პარკ დე პრენსზე“, „ბარსელონასთან“ მატჩში (4:2), ახლა კი ნიცაში დეზირე დუე დაზიანდა, რომელმაც მუხლზე ხელი მოიკიდა და ტკივილისგან ყვირილი დაიწყო.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ფრანგი ფეხბურთელი მოედანზე იწვა, თანაგუნდელები კი შეშფოთებულები გარს ეხვივნენ. საბოლოოდ, დუე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მას ცრემლები სდიოდა. ტრავმის ზუსტი ხასიათი ჯერ ცნობილი არ იყო, თუმცა არსებობდა ეჭვი, რომ მას ჯვარედინი იოგი ჰქონდა გაწყვეტილი.
შაბათს საღამოს გამოცემა „L’Équipe“-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიუხედავად იმისა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელს ხვალ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უნდა ჩაუტარდეს, უკვე ცნობილია, რომ დეზირე დუემ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი დაიზიანა.
შაბათს ჩატარებულმა პირველადმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თავდამსხმელი რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს. გამოცემის ცნობით, ხვალინდელი კვლევა(უკვე დღევანდელი) სამედიცინო გამოსახულებების საფუძველზე უფრო ზუსტი დიაგნოზის დასმისა და ტრავმის სიმძიმის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
ერთი რამ უკვე ცხადია: დუე რამდენიმე თვით გამოეთიშება ასპარეზობას. ეს „პარი სენ-ჟერმენისთვის“ სერიოზული დანაკლისი იქნება, რადგან ფრანგი ფეხბურთელი ბოლო კვირების განმავლობაში შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა.
ლუის ენრიკეს შეტევითი ტაქტიკის გადახედვაც მოუწევს, რადგან გუნდს შეტევის ხაზში ორი საკვანძო ფეხბურთელი ხანგრძლივი დროით დააკლდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს