აბუაშვილის მოპოვებულ ჯარიმას გოლი მოჰყვა | მეცის გამარჯვება 10 კაცით
გიორგი აბუაშვილი ტრავმის შემდეგ „მეცს“ დაუბრუნდა. საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ბულონს“ შეხვდა და ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო — 2:1.
აბუაშვილმა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. 87-ე წუთზე 23 წლის გარემარბმა ჯარიმა მოიპოვა, რომელსაც „მეცის“ გამარჯვების გოლი მოჰყვა. ტეჯი სავანიეს ჩაწოდებით კრისტიან დევენიშმა ისარგებლა და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ 81-ე წუთის შემდეგ „მეცი“ მოედანზე 10 კაცით იმყოფებოდა. ჯაჰიან პანდორემ სულელურად ითამაშა და უწყინარ ეპიზოდში მეტოქეს მუშტი მოუქნია, რის გამოც წითელი ბარათით დაისაჯა.
აბუაშვილმა „მეცის“ რიგებში ორი შეხვედრა გამოტოვა და გუნდს „მონპელიესთან“ და „პაუსთან“ ვერ დაეხმარა. ბოლოს მან 23 ოქტომბერს ითამაშა და „დუნკერკის“ წინააღმდეგ მოედანზე 81 წუთი გაატარა.
ცნობისთვის, „მეცს“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს. აბუაშვილის გუნდი ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენს“ რვა ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა 4 დეკემბერს, „კლერმონის“ წინააღმდეგ ელის.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს