ავტოგოლი გაიტანა, იტირა, შეცვლა მოითხოვა - პორტუს ფეხბურთელის საშინელი საღამო
პორტუგალიის საფეხბურთო თასის მეთექვსმეტედფინალში ბევრისთვის კურიოზული, თუმცა იმ ფეხბურთელისთვის. რომელსაც ყველაფერი ეს თავს გადახდა, რთულად გადასატანი ამბავი მოხდა. „პორტუ“ - „პარედეშის“ მატჩის 57-ე წუთზე. როდესაც მასპინძლები აუტსაიდერად მიჩნეულ მეტოქეს 1:0 ამარცხებდნენ, ფრანსისკო მოურას ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა და საქმე 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც „დრაკონები“ უფრო ზუსტნი აღმოჩნდნენ და 3:1 გაიმარჯვეს.
ავტოგოლიცაა და ავტოგოლიც - მოურას ბურთი მეკარის მოგერიების შემდეგ მიუვიდა, გამოუვალ მდგომარეობაში საერთოდ არ იმყოფებოდა და შეეძლო უბრალოდ სიტუაცია განემუხტა. თუმცა, მოგერიების ნაცვლად, მან ნამდვილი ფორვარდივით დაარტყა და ტექნიკური დარტყმით აიღო საკუთარი კარი. ეს ყველაფერი ფრანსისკომ იმდენად განიცადა, მაშინვე ტირილი დაიწყო და მისი გამხნევება თანაგუნდელებმაც სცადეს, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, მოურამ შეცვლა ითხოვა და მოედანი ოთხ წუთში დატოვა.
სხვათა შორის, მძიმე მომენტში ფრანსისკო მოურა არამხოლოდ თანაგუნდელებმა, არამედ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმაც გაამხნევეს. „პორტუს“ დამრიგებელმა ფრანჩესკო ფარიოლიმ კი აღნიშნა, რომ მათი კლუბი ერთიანი ოჯახია, ფეხბურთი კი შეცდომების გარეშე არ არსებობს. აქვე გეტყვით, რომ ამპლუით მარჯვენა მცველს მოურას სხვადასხვა დროს „ბრაგაში“, „აკადემიკასა“ და „ფამალიკაუში“ უთამაშია, ხოლო „პორტუს“ ღირსებას 2024 წლიდან იცავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს