„ეს 45 წუთი შეუმჩნევლად გაფრინდა“ - რონალდინიო დაბრუნდა და პრე-ასისტიც შეასრულა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ დღეს პროფესიონალური კარიერა ოფიციალურად განაახლა და იტალიის სერია C-ში „რავენას“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
მისი გუნდი საკუთარ მოედანზე „ფორლის“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. რონალდინიომ პირველი ტაიმი სრულად ითამაშა და შესვენებაზე შეცვალეს. საგულისხმოა, რომ 46 წლის ვეტერანმა საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა და პრე-ასისტი შეასრულა, რითაც „რავენამ“ ანგარიში გახსნა.
პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, 11 წლის განმავლობაში ეს რონალდინიოს პირველი ოფიციალური მატჩი იყო. შეცვლის შემდეგ მან Sky Sport Italia-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ფეხბურთში დაბრუნება არ გამორიცხა.
რა თქვა რონალდინიომ:
„მომავალი? ჯერ არ ვიცი. დაბრუნებას არ გამოვრიცხავ - ყველაფერი პრეზიდენტზეა დამოკიდებული. თუ დამირეკავს, დავბრუნდები. თამაში ბედნიერებას მანიჭებს. გასახდელში ასეთი მომენტების განცდა ნამდვილი სიამოვნებაა. ფეხბურთი საუკეთესო რამ არის, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. ეს 45 წუთი შეუმჩნევლად გაფრინდა. ჩემთვის ფეხბურთი ყოველთვის სწორედ ასეთი იყო.“
ცნობისათვის, „რავენასთან“ კონტრაქტი რონალდინიომ ივნისში გააფორმა და პლუს ამას კლუბის ერთ-ერთი მეწილე გახდა, თუმცა ბოლო დრომდე არ იყო ცნობილი, ითამაშებდა თუ არა ამ კლუბის მაისურით „ოქროს ბურთის“ ყოფილი მფლობელი. აქვე გეტყვით, რომ გაუჩომ ბოლო ოფიციალური მატჩი 2015 წლის 27 სექტემბერს, „ფლუმინენსეს“ რიგებში გამართა და „გოიასთან“ თამაშის შესვენებაზე შეცვალეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს