„საქართველოსთან ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ!“ - ანატოლი ტრუბინი
უკრაინის ნაკრების მეკარემ, ანატოლი ტრუბინმა ჩრდ. ირლანდიასთან მარცხის შემდეგ გუნდის თამაშის ხარისხისგან გამოწვეული უკმაყოფილება ვერ დამალა და განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოსთან გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.
რას ამბობს ტრუბინი:
როგორ უნდა მოვახერხოთ მობილიზება და მომდევნო თამაშში გამარჯვება?
„ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, იმაზე, თუ როგორ შევძლებთ გადაწყობას ცუდი შედეგის - ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ. შესაძლოა, დიდი ნეგატივი წამოვიდეს და სრულიად დამსახურებულადაც. ვნახოთ, როგორ მოვახერხებთ ამ მატჩისთვის ფსიქოლოგიურად მომზადებას. მოედანზე უნდა გავიდეთ, ბოლომდე დავიხარჯოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ.
რაც შეეხება მესამე კალათას, სამწუხაროდ, უკვე ასე მოხდა. კენჭისყრის დროს ვნახავთ, რა იქნება. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ მეორე კალათაში ვყოფილიყავით, მაგრამ იმას ვიმკით, რასაც ახლანდელი თამაშით ვიმსახურებთ. საკუთარ თავს თავადვე ვიგდებთ მძიმე დღეში, ამიტომ ამ ორმოდან როგორმე ყველამ ერთად უნდა ამოვაღწიოთ.“
საგულისხმოა, რომ როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ნაკრები მატჩს საშინელ ფორმაში ხვდებიან. უკრაინელებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში ვერ მოახერხეს გამარჯვება - 1 ფრე, 3 წაგება. საქართველოს ნაკრები კი ზედიზედ 9 ოფიციალური მატჩია ვერ იგებს - 2 ფრე, 7 წაგება. ამასთან, უნგრეთის ნაკრებთან 0:1 მარცხის შედეგად, ჩვენმა გუნდმა ანტირეკორდი დაამყარა, რაც ზედიზედ ხუთი შეხვედრის გატანილი გოლის გარეშე დასრულებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის თბილისში გამართული მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, მეორე მატჩი კი 17 ნოემბერს, სლოვაკეთში ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება და ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს