ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, საბა ლაზიშვილი
Aa
Aa

„სპორტულ საზღვრებს გასცდა, მაგრამ UFC-ის შეფები დაფიქრდებიან - კუხალაშვილი ქართულ-დაღესტნურ ბრძოლებზე

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტიდან უკვე რამდენიმე დღეა გასული. როგორც მერაბ დვალიშვილმა, ასევე საბა ლაზიშვილმა საპატიმრო უკვე დატოვეს, ჩვეულ ცხოვრებისეულ რიტმს დაუბრუნდნენ და RAF-ის ეგიდით გამართული შეხვედრებიც წარმატებით დაასრულეს. თუმცა, მომხდარის ირგვლივ აჟიოტაჟი ჯერჯერობით არ ცხრება და გადავწყვიტეთ, ამ თემასთან დაკავშირებით MMA-ს ქართველი მებრძოლის გიგა კუხალაშვილის შეფასებები მოგვესმინა, რომელმაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა.

გიგა კუხალაშვილი

რატომაც მოხდა ეს ინციდენტი და ვინც იყო ამის ინიციატორი, ყველამ ყველაფერი კარგად იცის. თუმცა, მე ძალიან ბევრ დაღესტნელ და ჩეჩენ მებრძოლებს ვიცნობ, საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს და არ უნდა დავუშვათ, რომ მომხდარი ფაქტი ნაციონალურ, ან რელიგიურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. სხვათა შორის, თავად მერაბმაც აღნიშნა, რომ მასაც არ სურს, რომ კონფლიქტმა მსგავსი სახე მიიღოს და განაცხადა, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ორ ადამიანს შორის დაპირისპრიება და სხვა არაფერი.

რა მოხდა თბილისში მერაბ დვალიშვილსა და ერთ-ერთ დაღესტნელ მოჭიდავეს შორის, ამაზე დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ, რადგან მოცემულ მომენტში ადგილზე არ ვიმყოფებოდი. თუმცა, როგორც ვიცი გაჯიმაგომედოვისგან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი და მერაბმაც გადაწყვიტა რომ მისთვის ასე ეპასუხა.

უსმან ნურმაგომედოვისა და მისი თანხმლები პირების საქციელით ახლა ბედნიერი ვერავინ ვერ იქნება და მათ შორის ვერც დაღესტნელები. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი და ისლამ მახაჩევი თუ არ ამტყუნებენ უსმანს, მოვლენების სხვანაირად განვითარებას მაინც ისურვებდნენ. არც ის გამკვირვებია, რომ თავისი გუნდის წევრს, მითუმეტეს რომ უსმანი ხაბიბის ბიძაშვილია და გუნდის წევრზე მეტია, ამართლებენ და იცავენ.

დენა უაითმა მომხდარ ფაქტზე საკუთარი მოსაზრება უკვე დააფიქსირა პრესკონფერენციაზე და იმ ადამიანებს, რომლებიც დვალიშვილზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ, იდიოტების ხროვა უწოდა. თუმცა, დენა არ არის ის ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებას ცხელ გულზე იღებს და თუ დაინახავს რაიმე შესაძლებლობას, რომ ამ ისტორიას UFC-ისთვის მომგებიანი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს, ამას აუცილებლად გამოიყენებს. მხოლოდ სპორტული კუთხით რომ შევხედოთ, დარწმუნებით ვიტყოდი, რომ უსმანის მიმართ სანქციები გატარდებოდა და დისციპლინარულ გადაცდომად შეფასდებოდა, მაგრამ ეს ორგანიზაცია შოუ-ბიზნესია და პირველ რიგში ამ კუთხიდან უნდა შევხედოთ. ილია თოფურია უსმან ნურმაგომედოვის და მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ? არ გამოვრიცხავ, რომ ეს დაპირისპირებები მართლაც ვიხილოთ. ბოლო დროს ეს ყველაფერი სპორტულ საზღვრებს გასცდა, მაგრამ UFC-ისთვის მაინც საკმაოდ საინტერესო სცენარი იქნება.

საბა ლაზიშვილი არის ზვიად ლაზიშვილის უმცროსი ძმა. ზვიადს დიდი ხანია ვიცნობ, კარიერულადაც და მეგობრულადაც წლებია ერთად მოვდივართ. მშვენივრად ვიცი მათი ოჯახის შესახებ და საბასგან ასეთი საქციელი და ის, რომ მან საკუთარი და საკუთარი მეგობრის ღირსება ბოლომდე დაიცვა, მე პირადად საერთოდ არ გამკვირვებია.

ამ 21 წლის ბიჭთან დაკავშირებით კი ბატონო, ჩვენ ახლა ყველა ემოციების ქვეშ ვართ, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ საბა არამხოლოდ ძმაკაცურად და მეგობრულად დაუდგა მერაბს გვერდში და იქ გამოიჩინა თავი, არამედ არც RAF-ისგან დაკისრებულ პასუხისმგებლობას შეუშინდა და ურაია ფეიბერთან გამარჯვებაც მოიპოვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უმცროს ლაზიშვილს სპორტული კუთხითაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. ახლა მთავარია, რაც მან თავისი შრომით მიიღო, ეს ყველაფერი გაამყაროს და ბოლომდე გამოიყენოს, რისთვისაც ხასიათი და სპორტული მონაცემებიც ხელს უწყობს.

ძალიან გამიხარდა რომ ილია თოფურიამ პაუზა აიღო და შესვენება გააკეთა. მას ეს დაეხმარებოდა როგორც ფიზიკური ზიანის აღმოფხვრაში, ასევე მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ის ფაქტი, რომ „ელ მატადორი“ ბრუნდება, მის ყველა გულშემატკივარს ძალიან გვიხარია. თავიდანვე გვჯეროდა, რომ ილია ამ მარცხზე არ გაჩერდებოდა და კვლავ შეეცდებოდა დაემტკიცებინა, რომ საუკეთესოა.

ცნობისათვის, ამ ეტაპზე არც მერაბ დვალიშვილის და არც ილია თოფურიას მომდევნო მეტოქის შესახებ არაფერია ცნობილი. ყველაზე უფრო ხშირად „მანქანას“ მომავალ მოწინააღმდეგედ ჩინელ სონგ იადონგს ასახელებენ, რომელმაც აგვისტოში უმარ ნურმაგომედოვი გათიშა, ხოლო ილია თოფურიას პედი პიმბლეტისთან ბრძოლას უწინასწარმეტყველებენ. ილიას უფროსი ძმა ალექსანდრე კი, ოქტაგონზე 21 ნოემბერს, დოჰაში გავა, სადაც მისი ოპონენტი სანტიაგო ლუნა იქნება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მანქანა შეუჩერებელია - მერაბის გამარჯვება პირველივე რაუნდში
    მანქანა შეუჩერებელია - მერაბის გამარჯვება პირველივე რაუნდში