„ეგოიანს მხოლოდ ჩაკვეტაძეს ადგილზე ვხედავ და მას ვერ შევადარებთ“ - ჭიაბრიშვილის შეფასება
უკვე ზედიზედ ხუთი მატჩია საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მეტოქის კარში ბურთის გატანას ვერ ახერხებს, ამ ხუთიდან ოთხი შეხვედრა კი ქართველმა ფეხბურთელებმა რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს, რომელმაც ვილი სანიოლი შეცვალა. ბუნებრივია, რაც უფრო იზრდება წარუმატებელი თამაშების რაოდენობა, იზრდება გულშემატკივრის კრიტიკაც მთავარი მწვრთნელის მისამართით. უნგრეთთან (0:2) გუშინდელ მარცხზე და ეროვნულ გუნდში შექმნილი კრიზისის მიზეზებზე „დინამო ბათუმის“ დამრიგებელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას, საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა.
გიორგი ჭიაბრიშვილი
გუშინდელ თამაშში ხელისგულზე გუშინ დაწყებული პრობლემები არ გამოჩენილა. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩანს, რომ კარგი სვლით ვერ მივდივართ. პირველ ტაიმში ნათამაშებ 4-3-3 ტაქტიკასა და მაღალ პრესინგს დადებითად შევაფასებდი. იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ვარ და პირველ რიგში ეროვნული გუნდის გულშემატკივარი გახლავართ, ობიექტურობის შენარჩუნება გამიჭირდება, თუმცა ვფიქრობ, რომ გუნდში არის როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური კუთხით პრობლემები.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელს ფიზიკურად ვერ მოამზადებს, ამის დრო ნამდვილად არ აქვს. მე კი ვხედავ, რომ ეროვნული გუნდის რამდენიმე წევრის ფიზიკური მზაობა სახარბიელო არ არის. სობოსლაი ხან პასებს ანაწილებდა, ხან ასისტი გააკეთა, ხან კარში შევარდა და თავით ბურთი გამოიტანა. ასეთ მატჩში სწორედ ერთი ფეხბურთელი წყვეტს მატჩის ბედს, რომელიც უნგრელებს ჰყავდათ, ჩვენც გვყავს, მაგრამ ტრავმირებულია. ხვიჩა კვარაცხელიას გარდა არ იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ჩემთვის ნახევარი გუნდია, თუმცა ახლა მთავარია როგორც ფეხბურთელებმა, ასევე მწვრთნელმა საკუთარ თავში ძალები იპოვონ და ეს პრობლემები დაძლიონ.
როგორია რამაზ სვანაძის საფეხბურთო ხედვა, ზუსტად არ ვიცი. მომეწონა, რომ ოთხ მცველზე გადავიდა და მაღალი პრესინგი ითამაშა. აი, ჩაკვეტაძის გაყვანა კი ნამდვილად არ მომეწონა, თუმცა მე ხომ შიდა სამზარეულო არ ვიცი და შესაძლოა გიორგი 90 წუთი საასპარეზოდ მზად არ იყო. როდესაც სვანაძეს ვაკრიტიკებთ, რა უნდა ექნა, ვინ უნდა ეთამაშებინა? ეგოიანი? ირაკლის ერთადერთ პოზიციაზე, ჩაკვეტაძის ადგილზე ვხედავ და დღესდღეობით ამ ორ ფეხბურთელს ერთმანეთს ნამდვილად ვერ შევადარებ.
კიდევ ერთ რამეს ვიტყვი - მე-60 წუთიდან მომეჩვენა, რომ ნაკრების ფეხბურთელები დაღლილები და გამოფიტულები იყვნენ, უნგრელებმა კი პირიქით, სწორედ მაშინ მოუმატეს. არ ვფიქრობ, რომ პრობლემა მიდგომასა და საქმისადმი დამოკიდებულებაშია - პირიქით, ზუსტად ვიცი, რომ სტაფის წევრები ისე მუშაობენ, დღეს და ღამეს ასწორებენ, უბრალოდ ნაკრების ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთი ინტენსივობის მატჩების ჩატარება არ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის წლევანდელ გათამაშებას უკრაინელებთან მატჩით დაასრულებს, რომელიც ნეიტრალურ სტადიონზე, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში 17 ნოემბერს ჩატარდება და საქართველოს დროით 23:45 წუთზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს, ხოლო თუ წააგებს, საამისოდ C დივიზიონის წარმომადგენელთან ორმატჩიანი პლეი-აუტის გამართვა მოუწევს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს