სპაერს იბერიამაც ვერ მოუგო - მოქმედი ჩემპიონი გალიდერდა
Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში წინასწარ გაწერილი კალენდრის მიხედვით, 35-ე ტური შუა კვირაში, 24-27 ნოემბერს იყო ჩანიშნული და იქიდან გამომდინარე, რომ 26 ნოემბერს, „იბერიას“ „ხეტაფესთან“ კონფერენს ლიგაზე საშინაო მატჩი უწევს, შიდა ჩემპიონატის ამ ტურის თამაში ორი კვირით ადრე გადმოუტანეს და დღეს ათამაშეს. „მიხეილ მესხი 2“-ზე მოქმედი ჩემპიონის მეტოქე „სპაერი“ იყო. აუტსაიდერად შერაცხულმა ანზორ კიღურაძის შეგირდებმა კიდევ ერთი სენსაცია მოახდინეს, „დინამო ბათუმის“ ძლევის შემდეგ ქულები კიდევ ერთ ფავორიტს დააკარგვინეს და დღევანდელი თამაში ფრედ, 2:2 დასრულდა.
მასპინძლების რიგებში საუკეთესო გოჩა ცირდავა იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და მისი გოლი ჯერ პირველ ტაიმში ამირან ძაგანიამ ნიკოლოზ სიხარულაშვილის გადაცემის შემდეგ გაქვითა, ხოლო მეორე ნახევარში, კერძოდ კი, 82-ე წუთზე, „იბერიელებმა“ წონასწორობა კიდევ ერთხელ საბა მაისურაძის ავტოგოლით აღადგინეს, რომელიც ბურთის მოგერიებას ცდილობდა და აშკარად არ გაუმართლა.
„სპაერთან“ მოპოვებული ქულა „იბერია 1999“-სთვის წარმატებად ვერანაირად ვერ ჩაითვლება, თუმცა ლევან კორღალიძის მომზადებულმა გუნდმა „დინამო ბათუმს“ დროებით მაინც გაუსწრო და Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 60 ქულით სათავეში ჩაუდგა. „იბერიელებს“ შიდა ჩემპიონატის დარჩენილ სამ ტურში „სამგურალთან“ (სტუმრად), „დინამო ბათუმთან“ (შინ) და „რუსთავთან“ (შინ) მოუწევთ თამაში.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს