სობოსლაი: “ვგრძნობდით, რომ კუთხურების დროს შანსები გვქონდა“
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩში 2:0 გამარჯვების შემდეგ უნგრეთის ეროვნული გუნდის კაპიტანმა დომინიკ სობოსლაიმ საკუთარი ტრავმის შესახებ ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, სამედიცინო შტაბი მის თამაშს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევდა, თუმცა თავად მოედანზე გასვლის იმედი არ დაუკარგავს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლივერპულის ნახევარმცველმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
სობოსლაი:
„გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა საბრძოლო სულისკვეთება, გუნდური ერთიანობა და სტანდარტული მდგომარეობების ეფექტურად გამოყენება. ვგრძნობდით, რომ კუთხურების დროს შანსები გვქონდა და ამიტომ მათი მოპოვებისას უფრო თავდაჯერებულები ვიყავით. ორივე ფლანგიდან ვცდილობდით სახიფათო მომენტების შექმნას.
რაც შეეხება ჩემს ტრავმას, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ თამაშს შევძლებდი. ექიმებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ჩემი მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. თუმცა მკურნალობას ვაგრძელებდი და ყოველდღიურად უკეთ ვგრძნობდი თავს. სამწუხაროდ, გუნდთან ერთად იმდენი ვარჯიში ვერ მოვახერხე, რამდენიც მინდოდა.
მატჩის დაწყებამდე, გახურებისას, ტრავმამ თავი ისევ შემახსენა. მოედანზე გასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი: ამას არ გავაკეთებ, ამდენი გზა გამოვიარე და გუნდს ვერ დავაღალატებ. ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო. ახლა უკვე მომდევნო შეხვედრაზე ვფიქრობ. მკურნალობა უნდა გავაგრძელო, რათა სამშაბათისთვის მზად ვიყო“.
ამ გამარჯვების შემდეგ, უნგრეთი ჩრიდლოეთ ირლანდიას 1 ქულით ჩამორჩება და ბოლო ტურში მათი გამარჯვების შემთხვევაში სობოსლაის გუნდი ჯგუფს პირველი ადგილით დაასრულებს.
რაც შეეხება საქართველოს, 2 ქულით ბოლო ადგილზეა. ბოლო ტურში ჯვაროსნები უკრაინას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, სვანაძის ნაკრები მესამე ადგილს დაიკავებს და B ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს