ოპერაცია სჭირდება - გაგუას ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
გიორგი გაგუა ტრავმის გამო „დუნაისკა სტრედას“ უახლოეს შეხვედრებში, ვერ დაეხმარება. სლოვაკური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველ თავდამსხმელს ლავიწის ძვლის მოტეხილობა აქვს.
სლოვაკეთის „ნაიკის ლიგის“ მე-15 ტურში „დუნაისკა სტრედამ“ საკუთარ მოედანზე „კომარნო“ 3:0 დაამარცხა. შეხვედრის დაწყებამდე გაგუას გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს.
ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი აქტიურად დაიწყო და უკვე 22-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც რამადანმა ზუსტად შეასრულა და მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა. თუმცა აღნიშნული ეპიზოდი გაგუასთვის მძიმე ტრავმით დასრულდა.
„გიორგის პენალტის მოპოვება მძიმე ტრავმის ფასად დაუჯდა. ის საჯარიმო მოედანში წააქციეს. ქართველ თავდამსხმელს ლავიწის ძვლის მოტეხილობა აღმოაჩნდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“,
— ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
სლოვაკური მედიის ინფორმაციით, გიორგი გაგუას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ოპერაციის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს