ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

ილია: “ბრძოლის საწყის წუთებში ჩემმა ძმამ მარცხენა მხარი ამოიგდო“

როგორც მოგეხსენებათ, ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირველი ბრძოლა წააგო. მისი ძმა, ილია თოფურია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

რას წერს ილია?

როგორც ყოველთვის ვამბობ, დიდება და ტკივილი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია.

ბრძოლის საწყის წუთებში ჩემმა ძმამ მარცხენა მხარი ამოიგდო, რამაც დაპირისპირების მიმდინარეობა მთლიანად შეცვალა. ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ არ ასრულებდა კომბინაციებს, არ ცდილობდა მეტოქის პარტერში გადაყვანას ან დაცვას სათანადოდ არ იყენებდა. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვერ ვიხილეთ ის ალექსი, რომელსაც ყველა ვიცნობთ.

მიუხედავად ამოვარდნილი მხრით ბრძოლისა და იმის მიუხედავად, რომ საკუთარი გეგმის შეცვლა მოუწია, მან მაინც შეძლო, ბრძოლა მსაჯების გაყოფილ გადაწყვეტილებამდე მიეყვანა. ეს მის ხასიათსა და მებრძოლ სულზე ყველაფერს ამბობს.

მეტოქის მიმართ მხოლოდ პატივისცემა მაქვს, თუმცა ვერ ვწყვეტ ფიქრს იმაზე, რა მოხდებოდა, ჩემი ძმა სრულად ჯანმრთელი რომ ყოფილიყო. ამ სპორტში წლები გავატარე და ერთი რამ ვისწავლე: ადამიანები გაკრიტიკებენ, მოიგებ თუ წააგებ. ჩვეულებრივ, ამას ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ, მაგრამ როცა საქმე ჩემს ძმას ეხება, ჩუმად ვერ ვიქნები.

მათ, ვინც სხვის მარცხს ზეიმობს: საკუთარ უბადრუკ ცხოვრებას მიხედეთ. თქვენი შური და სიძულვილი უფრო მეტს ამბობს თქვენზე, ვიდრე ოდესმე იტყვის ჩვენზე.

წლების განმავლობაში ბევრი ცდილობდა, ჩვენით ესარგებლა. იმის ნაცვლად, რომ მადლიერები ყოფილიყვნენ იმისთვის, რაც მათთვის გავაკეთეთ, ზოგიერთმა ჩვენს ზურგს უკან ტყუილების გავრცელება და ჩვენზე ცუდის ლაპარაკი არჩია. თუ ამას კითხულობთ და ფიქრობთ, თქვენზე ვსაუბრობ თუ არა — დიდი ალბათობით, სწორედ თქვენ გგულისხმობთ. ჯანდაბამდე გზა გქონიათ!

ამ წელმა ორივეს გვასწავლა, რომ ყველაზე კარგად მომზადებული მებრძოლებიც შეიძლება დამარცხდნენ. თუმცა ჩვენ კიდევ ერთი რამ ვიცით, რაც ბევრს არასდროს ესმის: მარცხი კაცს არ განსაზღვრავს. მას ის განსაზღვრავს, როგორ წამოდგება დაცემის შემდეგ. ჩვენ კი ყოველთვის წამოვდგებით. 2027 წელს ყველაფრისთვის მოვდივართ!“

View this post on Instagram

A post shared by Ilia Topuria (@iliatopuria)

შეგახსენებთ, კატარის დედაქალაქ დოჰაში. UFC-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია მექსიკელ სანტიაგო ლუნასთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

სამი რაუნდის განმავლობაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და შესაბამისად, ისევე როგორც „ელ კონკისტადორის“ წინა ორ ბრძოლაში, ამჯერადაც საქმე მსაჯთა გადაწყვეტილებამდე მივიდა - ერთმა მსაჯმა გამარჯვება თოფურიას მიაკუთვნა (29:28), ორმა კი სანტიაგო ლუნას - 29:28 და 30:27.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    თოფურია: 2027-ში მთავარი მოტივაცია ქამრის დაბრუნებაა
    თოფურია: 2027-ში მთავარი მოტივაცია ქამრის დაბრუნებაა