ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„ჩემთვის ყოველთვის ჩემპიონი იქნები“ | ილიამ ალექსანდრეს მიმართა

ილია თოფურიამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და საკუთარ ძმას, ალექსანდრე თოფურიას, მიმართა. „ელ კონკისტადორი“ მომდევნო ორთაბრძოლას შაბათს გამართავს და ჩხუბის წინ „ელ მატადორმა“ მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩემო ძმაო, მინდა, თავდაუზოგავი შრომის, გაღებული მსხვერპლისა და თავდადების გამო, რამაც აქ მოგიყვანა, მოგილოცო. ჩვენზე უკეთ არავინ იცის, როგორი იყო გზა, რომელიც ერთად გამოვიარეთ. არავინ იცის, რა დაგვჭირდა, რათა აქ მოვსულიყავით და რა დაბრკოლებები გადავლახეთ. არავინ იცის იმ დროის შესახებ, როდესაც ავდექით და ოცნების მისაღწევად ყველაფერი უკან დავტოვეთ.

ჩვენი ისტორია დაიწყო ორი ძმით, რომლებიც ოცნებობდნენ, საზიარო ველოსიპედი ჰქონოდათ. და დღეს ერთ-ერთი მათგანი მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა. თუმცა ყველაზე დიდი სიამაყის საფუძველს ის კი არ მაძლევს, რასაც მიაღწიე, არამედ ის, როგორ ადამიანად ჩამოყალიბდი, რადგან ძალიან კარგად ვიცი, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და ყოველი ბრძოლის უკან რამხელა გული დგას.

ხვალ ოქტაგონში მარტო არ შეხვალ. შენთან ერთად იქნებიან ბავშვების ოცნებები, ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლი, ჩვენი ისტორია და ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი რწმენა არასდროს დაუკარგავთ. ხვალ გამარჯვება შენი იქნება, რადგან ეს სისხლით, ოფლითა და ცეცხლით დაიმსახურე.

ხვალ რაც არ უნდა მოხდეს, ჩემთვის ყოველთვის ჩემპიონი, დიდი ძმა და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიამაყე იქნები. მთელი გულითა და სულით მიყვარხარ და დაე, უფალი ხვალ და ყოველთვის შენთან იყოს“.

ცნობისთვის, ალექსანდრეს მომდევნო მეტოქე სანტიაგო ლუნაა. მათი ჩხუბი თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება. ლუნა მექსიკელი მებრძოლია, რომელსაც კარიერაში გამართული ცხრა ორთაბრძოლიდან რვა მოგებული აქვს. მან სამჯერ ნოკაუტით მოიგო, ოთხჯერ — მახრჩობელა/მტკივნეული ილეთით (საბმიშენით), ხოლო ერთხელ — მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ცოტაოდენი დამცირება“ - უმარის პირველი კომენტარი ციხიდან გამოსვლის შემდეგ
    „ცოტაოდენი დამცირება“ - უმარის პირველი კომენტარი ციხიდან გამოსვლის შემდეგ