ილია თოფურია, ჯო როგანი
Aa
Aa

„ვფიქრობ, ეს ილიასთვის გაცილებით უკეთესი იქნება...“ - ჯო როგანის რჩევა თოფურიას

ცნობილმა პოდკასტერმა და UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა თავის ბოლო პოდკასტში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და ქართველ მებრძოლს წონის შეცვლა ურჩია. როგანის თქმით, „ელ მატადორი“ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე მსუბუქ წონაში.

რას ამბობს ჯო როგანი:

„ის ყველაზე ერთი თავით მაღლა იდგა - ტექნიკურადაც, მოძრაობის ეფექტურობითაც, დარტყმების ძალითაც, თავდაჯერებულობითა და დისციპლინითაც. ეგ ტიპი ბრძოლისთვის აბსოლუტურად ყველაფერს იდეალურად ალაგებს, უბრალოდ, აქამდე ასეთ მძიმე ომში არასდროს ყოფილა.

პირველ რიგში, გეიჯი მასზე დიდია - თანაც, საკმაოდ დიდი. გეიჯი დიდი ტიპია, 155 (70 კგ.) ფუნტის კვალობაზეც დიდი მებრძოლია, ილია კი - არა, ხომ გესმით. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია - ის, ალბათ, 145 (65 კგ.) ფუნტში უნდა გამოდიოდეს. 145 ფუნტში ის ნამდვილი მონსტრია, 155 ფუნტში კი ზოგიერთი მებრძოლის ფონზე... სხვაობა აშკარაა... თითქოს სულ რაღაც 10 ფუნტია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.

როდესაც თოფურიამ წონა შეიცვალა, განაცხადა, რომ მეტად „ტანჯვა“ აღარ სურდა, ხოლო ქვემსუბუქი წონის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ გრძნობდა, რომ ამ დივიზიონში მისაღწევი აღარაფერი დარჩა. მიუხედავად ამისა, იგი 145 ფუნტის კვალობაზეც არასდროს მიიჩნეოდა დიდი გაბარიტების მებრძოლად და როდესაც ზედა წონაში ასვლის შესახებ გამოაცხადა, ეს საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ელ მატადორი“ 155 ფუნტის დასაფიქსირებლად წონას იკლებს, ამ დივიზიონში მყოფი ზოგიერთი მებრძოლი ფიზიკურად ვერც კი შეძლებდა 145 ფუნტის ჩაბარებას და მათ მასზე მეტი წონის დაკლება მოუწევდათ. გარდა ამისა, მებრძოლები წონის კლების სპეციალურ ტაქტიკებს იყენებენ, რათა უფრო მეტი წონა დაიკლონ - ეს კი მათ საშუალებას აძლევს, უფრო მსუბუქ წონით კატეგორიებში იჩხუბონ და ორგანიზმში სითხის აღდგენის შემდეგ ფიზიკური უპირატესობა მოიპოვონ.

საუბარია ბიჭებზე, რომლებიც 145 ფუნტს ვერასდროს დააფიქსირებდნენ, 155 ფუნტსაც კი ძლივს აბარებენ და უზარმაზარები არიან, ხომ გესმით? განსაკუთრებით დღეს, თანამედროვე ეპოქაში - იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იკლებენ ეს ბიჭები წონას, ზოგიერთი მათგანი ბრძოლაზე გაცილებით მძიმე გამოდის.

ვფიქრობ, ილიასთვის 145 ფუნტი გაცილებით უკეთესი წონითი კატეგორიაა. თუმცა, მაინტერესებს, როდის დაბრუნდება და როგორ მოახერხებს ასეთი რამის შემდეგ ფეხზე წამოდგომას“.

მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ოქტაგონზე დაბრუნებას 2027 წლის პირველ კვარტალში გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მისი მეტოქე. მიუხედავად იმისა, რომ ილია გეიჯისთან რემატჩის იმედს იტოვებს, MMA-ის სამყაროში მომდევნო ბრძოლისთვის ბევრად რეალურ ვარიანტად პედი პიმბლეტთან დაპირისპირება სახელდება, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ინგლისელი მებრძოლი „ელ მატადორთან“ ბრძოლის ჩანიშვნას განსაკუთრებით აქტიურად ცდილობს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მორიგი მეტოქეა, რომელსაც უნდა გადავუარო!“ - ალექსანდრემ მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა
    „მორიგი მეტოქეა, რომელსაც უნდა გადავუარო!“ - ალექსანდრემ მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა