ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

“ბევრი რამის ახსნა მინდა, თუმცა..“ - ალექსანდრე თოფურიას ვრცელი ინტერვიუ

სანტიაგო ლუნასთან მოახლოებული ბრძოლის წინ, ალექსანდრე თოფურია Eurosport-ს ესაუბრა.

მოახლოებულ ბრძოლასა და მზადყოფნაზე:

„ბრძოლა ძალიან მწყურია. როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ ხანგრძლივი და ინტენსიური წელი იყო, თუმცა ამ პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ძალიან მოტივირებული ვარ.

მოსამზადებელი პერიოდის დეტალებს ძირითადად არ ვასაჯაროებ. სტრატეგიასა და ყველაფერს, რაზეც ვარჯიშის დროს ვმუშაობთ, ბრძოლის დღემდე ჩვენთვის ვინახავთ. 21 ნოემბერს ყველაფერს ვაჩვენებთ, რაზეც ამ პერიოდში ვიმუშავეთ“.

მეტოქის შესაძლებლობებზე:

„ნებისმიერი მეტოქისგან მომდინარე მთავარი საფრთხე ის არის, რომ ოქტაგონზე შენს დასამარცხებლად გამოდის. რაც შეეხება მის შესაძლებლობებს, აბსოლუტურად არაფრის მეშინია.

მთელი ცხოვრება უმაღლესი დონის სპორტსმენებთან ვვარჯიშობ და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ამ სპორტში უმაღლესი დონე. ყველა მოწინააღმდეგეს პატივს ვცემ, რადგან ისინი გამარჯვებისთვის იბრძვიან, მაგრამ მე მათ ამის უფლება არ უნდა მივცე და არც მივცემ.

მოტივაციისთვის ცნობილი მეტოქე არ მჭირდება. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დგას ჩემს წინ. ყველა მოწინააღმდეგეს ერთნაირად ვუყურებ. მათ განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ და ამის მიხედვით ვემზადები, თუმცა ჩემი მენტალიტეტი და მომზადების ინტენსივობა ყოველთვის უცვლელია“.

ილიას მარცხსა და რთული პერიოდის გადალახვაზე:

„ეს სპორტია და მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. ცხოვრებაშიც ასეა — ვიცით, რომ ადრე თუ გვიან რაღაცას დავკარგავთ, მაგრამ ამისთვის მზად არასდროს ვართ.

სწორი გზა ის არის, რომ მომხდარს ღირსეულად შეხვდე. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ღმერთზე, რწმენასა და ბედისწერის მიღებაზე. სწორედ ასეთ დროს უნდა დავამტკიცოთ ეს ყველაფერი.

რეალობას უნდა შევეგუოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამარცხდი და მთელი ცხოვრება ასე უნდა გააგრძელო. ვიღებთ იმას, რაც მოხდა და შემდეგ ვცდილობთ, მომავალი შევცვალოთ.

დღეს ვმუშაობთ და გუშინდელ ამბებში არ ვრჩებით ჩარჩენილი. რა თქმა უნდა, სპორტი ჩვენთვის პირადულიც არის, რადგან ეს ჩვენი კარიერა და შემოსავლის წყაროა, მაგრამ საბოლოოდ ეს მაინც სპორტია, ცხოვრება კი — ცხოვრება“.

ილიას მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე:

„ამ სპორტში შეიძლება გაიმარჯვო და შეიძლება დამარცხდე. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ როდესაც ცნობილი ხარ, ხალხის კრიტიკის ობიექტი ხდები.

ზოგი კარგს ამბობს, ზოგი კი — ცუდს. საბოლოოდ, ეს შენზე არ არის დამოკიდებული. ვფიქრობ, ყველაფერ მომხდარში უფრო დიდ პრობლემას მათთვის ვხედავ, ვიდრე ჩვენთვის.

ხშირად ვუსმენ ადამიანებს, რომლებიც ახლა დიდ ექსპერტებად გვევლინებიან. ამბობენ, რომ ილიას ეს უნდა გაეკეთებინა, სხვანაირად უნდა ებრძოლა ან რაღაც სხვაგვარად უნდა ეთქვა.

ახლა მის მარცხს ვარცხნილობასაც კი აბრალებენ. ასეთ დროს ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები რეალობას ძალიან არიან აცდენილი.

რა თქმა უნდა, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ თუ დავიწყებთ განხილვას, რა არის ლოგიკური და რა არა, უამრავ უაზრო მოსაზრებას აღმოვაჩენთ. ბევრი რამის ახსნა მინდა, თუმცა ზოგიერთ საკითხს ჩემთვის ვინახავ“.

ილიას მიმართ დამოკიდებულებასა და მიღებულ ტრავმებზე:

„ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ილია ისევე მიყვარს, როგორც ადრე. უფრო მეტიც, პირველი რაუნდის შემდეგ ბრძოლის შეჩერება რომ შემძლებოდა, ამას გავაკეთებდი.

ეს სპარინგი რომ ყოფილიყო, იმ დარტყმის დანახვის შემდეგ ვიტყოდი: „ბიჭებო, გაჩერდით! ილია, ერთი წუთით ჩამოდი, თვალი უნდა შეგიმოწმოთ. საავადმყოფოში წავიდეთ, ექიმებმა შეგამოწმონ, სპარინგს კი სხვა დღეს ჩავატარებთ“.

ამის შესაძლებლობა რომ მქონოდა, ასე მოვიქცეოდი, მაგრამ ეს ოფიციალური ბრძოლა იყო და მას გაგრძელება მოუწია.  ერთადერთი, რაც ნამდვილად მწყინს, ის არის, რომ საქმე იქამდე მივიდა და ამდენი დაზიანება მიიღო. რა თქმა უნდა, მარცხიც მტკივნეულია და უკეთესი იქნებოდა, რომ მოეგო, მაგრამ პირადად ჩემთვის არაფერი შეცვლილა“.

ცნობისთვის, ალექსანდრეს მეტოქე ლუნას კარიერაში გამართული ცხრა ორთაბრძოლიდან 8 აქვს მოგებული. მან სამჯერ ნოკაუტით გაიმარჯვა, ოთხჯერ მახრჩობელა ილეთით, ხოლო ერთხელ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.

ალექსანდრე თოფურიასა და სანტიაგო ლუნას მომავალი დაპირისპირება 21 ნოემბრით თარიღდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები