საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, უკრაინის საფეხბურთო ნაკრები, ილია ზაბარნი
Aa
Aa

„საქართველომ ძალიან გამაკვირვა“ - უკრაინელი ფეხბურთელების კომენტარები

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, საქართველოსთან 1:0 გამარჯვების შემდეგ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებმა განვლილი მატჩი შეაფასეს. კომენტარები ერთადერთი გოლის ავტორმა დანილო სიკანმა, ილია ზაბარნიმ და გენადი სინჩუკმა გააკეთეს. მათ სიტყვებს Sport.ua ციტირებს.

დანილო სიკანი:

ემოციები დადებითია, რა თქმა უნდა. მოვიგეთ და ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მატჩს, ვფიქრობ, ჩვენი სტილი ისაა, რომ ბურთს ჩვენ ვფლობთ. მაგრამ დღეს საქართველომ ძალიან გამაკვირვა იმით, თუ როგორ აკონტროლებდნენ თამაშსა და ბურთს. სიმართლე გითხრათ, თამაში ძალიან რთული იყო. თუმცა, ამ შეხვედრას გავაანალიზებთ და წინ წავალთ. მთავარი ისაა, რომ ბოლო მატჩი მოვიგეთ. რა თქმა უნდა, მეტი გვინდოდა, რა თქმა უნდა, მეტი გამარჯვება გვსურდა. მაგრამ ეს ფეხბურთია, ეს ცხოვრებაა და ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც გინდა, როგორც გეგმავ. გარედან ბევრი სიძულვილია - ესეც მოქმედებს, მაგრამ ძალიან მიხარია ყველა იმ ფეხბურთელის გამო, ვინც დღეს ითამაშა, მთელი სამწვრთნელო შტაბის გამო. უბრალოდ მესმის, რომ დროა საჭირო - და, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნება, იმედი მაქვს.

ილია ზაბარნი:

როგორ მოვიპოვეთ გამარჯვება? ძალიან რთულად. თამაში ყველა გუნდის წინააღმდეგ რთულია. საქართველოც ქმნიდა მომენტებს და ურიგოდ არ გამოიყურებოდა. იყო მომენტები, როცა დმიტრომ გვიხსნა და შეიძლებოდა გოლი გაგვეშვა. ამიტომ მიხარია, რომ ყველაფერი ზუსტად ისე გამოვიდა, როგორც გამოვიდა. მაგრამ ბევრი რამ გვაქვს სამუშაო, წინ ვივლით. ბურთის კონტროლი? მოედნის ცენტრში არც თუ ისე ხარისხიანი საფარი იყო, გარისკვა არ გვინდოდა და უფრო მეტად ფლანგებიდან ამოვდიოდით. სწრაფი გოლი გავიტანეთ, უკვე უფრო ფრთხილად თამაში იყო საჭირო, რადგან ყველას ესმის, რომ როცა გოლს უშვებ, გატანა ძალიან რთულია. ამიტომ დიახ, დღეს ყოჩაღები ვიყავით. ასევე ვფიქრობ, რომ მაქსიმუმი გავიღეთ, ისევე როგორც წინა მატჩში, და ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად. წინა მატჩი წავაგეთ, ახლა მოვიგეთ. სულ ესაა.

გენადი სინჩუკი:

ძალიან სასიამოვნოა ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი, მით უმეტეს, როცა შინ, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ და ვიგებთ, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მიხარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. ეს გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი იყო. მომენტები იყო, მაგრამ რეალიზაცია დამაკლდა. ამაზე ვიმუშავებ. გოლის გატანა ძალიან მინდოდა, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ. მადლობა ღმერთს, რომ მოვიგეთ - ესეც კარგია.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი კატასტროფული შედეგით დაასრულა. ჩვენმა გუნდმა 6 მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო და მხოლოდ ორი ქულა დააგროვა, რითაც ბოლო ადგილი დაიკავა და B ლიგის პლეი-ინში ითამაშებს. საგულისხმოა, რომ ერთა ლიგის 2026 წლის სეზონზე საქართველო ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც გათამაშება გატანილი გოლის გარეშე დაასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კრიტიკა უნდა მივიღოთ, ქირურგიული ჩარევა საჭიროა | სვანაძის პრესკონფერენცია
    კრიტიკა უნდა მივიღოთ, ქირურგიული ჩარევა საჭიროა | სვანაძის პრესკონფერენცია