ხიზანიშვილის გუნდმა მხოლოდ სან მარინო დაამარცხა | 19-წლამდე ნაკრები მესამეზე გავიდა
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდის B ლიგაში წარუმატებლადი გამოვიდა. პირველ ორ მატჩში მარცხის შემდეგ მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა სან მარინო 1:0 დაამარცხა.
26-ე წუთზე ერეკლე ძერყორაშვილმა ჯარიმიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, რომელიც გოლით დასრულდა. UEFA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ელია ძავოლის ავტოგოლი დააფიქსირა.
ბოლო ტურის წინ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგული ჰქონდა, სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით სან მარინოსთან მატჩი სრული ფორმალობა იყო. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 3 ქულა დააგროვა და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, მხოლოდ სან მარინოს გაასწრო. დანია 9 ქულით პირველია, ბოსნია 6 ქულით მეორე.
მეორე ჯგუფის პირველ ტურში ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი დანიასთან 2:5 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელებისთვის მეორე ტურიც წარუმატებელი იყო, ბოსნია და ჰერცეგოვინამ ჩვენი გუნდი 3:0 დაამარცხა, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ საიდ ნიშიჩმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი ადემ მუსტაფიჩმა გაიტანა.
ზაფხულში ზურაბ ხიზანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლად ითამაშა, მონტენეგროსთან მატჩი 1:1 დასრულდა, ისლანდიასთან 2:3 დამარცხდა.
საერთო ჯამში, ზურაბ ხიზანიშვილის მწვრთნელობისას 19-წლამდე ნაკრებმა 5 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (სან მარინოსთან), 1 ფრედ დაასრულა (მონტენეგროსთან) და 3 დათმო (ისლანდიასთან, დანიასთან და ბოსნიასთან) და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს