რუნი: “კარიერის საუკეთესო წლებში სუიციდზე ვფიქრობდი“
უეინ რუნის შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა მას ისეთი სირთულეები შეხვდა ცხოვრებაში, რომ ფეხბურთელობის დროს თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა..
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მიუხედავად მოედანზე წარმატებული თამაშისა, პირად ცხოვრებაში ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. იმ პერიოდში ის ახალდაქორწინებული იყო და პირველი შვილი ახალი შეძენილი ჰყავდა.
რუნი სახლში ზოგჯერ ზედიზედ ორი დღის განმავლობაში სვამდა. პოდკასტში Life At The Midpoint with Gabby Logan საუბრისას მან აღიარა, რომ ყველაზე მძიმე პერიოდში სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებაზეც ფიქრობდა.
„ახლა რომ ვიხსენებ, შემიძლია ვთქვა, რომ ეგოისტურად ვიქცეოდი, თუმცა ვიცოდი, რომ რაღაცას განვიცდიდი, რისი გამკლავება ძალიან მიჭირდა. შემდეგ აღარ მინდოდა, კაის ასეთ მდგომარეობაში ვენახე, ამიტომ ვიმალებოდი კიდეც.
იმ მდგომარეობამდე მივედი, როცა თვითმკვლელობაზე ფიქრობ. უბრალოდ არავისთან ყოფნა აღარ გინდა. არ მინდოდა ქუჩაში ადამიანების დანახვა, არ მინდოდა მაღაზიებში შესვლა. ფეხბურთის მოედანზე ყოველთვის თავს კომფორტულად ვგრძნობდი, მაგრამ ყველაფერ დანარჩენთან გამკლავება ძალიან მიჭირდა“,
— განაცხადა რუნიმ.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა აღნიშნა, რომ ეს პრობლემები მისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდში ჰქონდა.
„არ გინდა, სისუსტე გამოავლინო და ცდილობ, ეს ყველაფერი დამალო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რა მდგომარეობაშიც ვიყავი, ამის აღიარება მიჭირდა, რადგან ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ამის გამო ნაკლებად მამაკაცური ვიყავი.
თერაპევტს ვესაუბრებოდი, რათა გამეგო, რა მჭირდა. როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ ალბათ კარიერის საუკეთესო პერიოდში ვიყავი. ცოტა ხნის წინ შვილი შემეძინა და დავქორწინდი. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი პერიოდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ჩემი ეგოისტური საქციელის გამო, ეს, ალბათ, ყველაზე მძიმე პერიოდი იყო“,
— თქვა რუნიმ.
რუნი, რომელიც ITV-ის რეალითი შოუში I'm A Celebrity... Get Me Out Of Here მონაწილეობს, კრიზისის დაძლევაში მეუღლის, კოლინ რუნის დახმარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
„კოლინი ძალიან დამეხმარა. შეეძლო, ჩემგან წასულიყო, იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, მაგრამ გვერდით დამიდგა და ამ ყველაფრის გადალახვაში დამეხმარა“.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ყოფილი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 2004/2017 წლებში იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში რუნიმ ყველა ტურნირზე ერთად 559 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 253 გოლი გაიტანა და 143 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს