„საშინელი სანახავია, როდესაც მებრძოლები ასეთ რამეს აკეთებენ“ - მუჰამედის რეაქცია მერაბი-უსმანის კონფლიქტზე
UFC-ის ქვესაშუალო წონის მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, ბელალ მუჰამედმა უსმან ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირებაზე ისაუბრა და თავისი აზრი დააფიქსირა.
წარმოშობით პალესტინელმა მებრძოლმა თავდაპირველად შონ სტრიკლენდს შეეხო და განაცხადა, რომ მისმა რეაქციამ გააღიზიანა, რადგან მისი თქმით, შონი MMA-ში ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ადამიანია და გამუდმებით სისულელეებს ლაპარაკობს, რის გამოც, ასეთ დაპირისპირებებზე მორალურად, პოზიციის დაფიქსირების უფლება არ აქვს.
შემდეგ კი უშუალოდ დაპირისპირება განიხილა და აღნიშნა, რომ მერაბიც და უსმანიც მისი კარგი მეგობრები არიან და რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. მუჰამედმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის კონფლიქტი მალე ამოიწურება.
რას ამბობს ბელალ მუჰამედი:
„ყველაცდილობს გაარკვიოს, რა აზრზე ვარ, ვის მხარეს ვიჭერ და რას ვაპირებ. ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს, რამდენად ტოქსიკურია ინტერნეტი, ტვიტერი და MMA-ს აუდიტორია. როსტერზე მყოფი ყველაზე სულელი მებრძოლები, მაგალითად, შონ სტრიკლენდი, რომელიც ყველაზე სულელურ რაღაცებს ამბობს და აკეთებს, ახლა ზის და მაღალ მორალზე ლაპარაკობს - განიხილავს, ვინ არის მტყუანი და როგორ დავუშვით ეს. ადამიანი, რომელიც ყველაზე სულელურ საქციელს სჩადის, რაც კი ოდესმე გინახავთ, ახლა ხალხისთვის ცოდნისა და მორალის წყაროდ იქცა: „სტრიკლენდმა თქვა, რომ ეს ცუდი იყო“, „სტრიკლენდმა თქვა, რომ ის არასწორი იყო“. მოკეტე, რა. არავის აინტერესებს, რას ამბობ.
როგორც მებრძოლს, როგორც კაცს და როგორც უსმანისა და მერაბის მეგობარს - ორივეს ვიცნობ და ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს - ამის ნახვა არასდროსაა სასიამოვნო, მით უმეტეს სასტუმროს ფოიეში. არ გინდა უყურო, როგორ ესხმიან თავს ჯგუფურად ვინმეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას სხვა მებრძოლები აკეთებენ, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით ჩხუბი. ეს არ ჰგავს შემთხვევას, როცა სადღაც სუპერმარკეტში ვიღაც ტიპები ერთ კაცს დაესხნენ თავს და იმ ერთმა ყველა სცემა. როცა შვიდი-რვა კაცი ერთის ან ორის წინააღმდეგ მიდის, იქ აუცილებლად წააგებ.
ხალხი ცდილობს გაარკვიოს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ სრულ ისტორიას ვერასდროს გაიგებთ. ყველაფერს, რაც ითქვა და გაკეთდა, ორი მხარე აქვს, მით უმეტეს მაშინ, როცა ორივე სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს და თარგმანში ბევრი რამ იკარგება. არავინ იტყვის: „აი, ნახეთ, მან ესა და ეს გააკეთა“. დაპირისპირების საწყის მიზეზებზეც ლაპარაკობენ - ამბობენ, მერაბმა გაარტყა და მის მეგობარს თავს არ დაესხნენო. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. კაცზე ხელის დარტყმას ყოველთვის მოჰყვება საპასუხო რეაქცია.
მაგრამ ჩვენ მებრძოლები ვართ, ემოციურები ვართ და ზოგჯერ ნერვები გვღალატობს. იგივე მერაბიც გვინახავს, როგორ გადადიოდა მაყურებლებთან და უპირისპირდებოდა ფანებს, რომლებიც სისულელეებს ეუბნებოდნენ. სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ბიჭები ასეთ რაღაცებს პირადულად იღებენ და უბრალოდ ვერ გაატარებენ. რადგან ინგლისური მათი მეორე ენაა, სიტყვებს სხვანაირად იგებენ - რომ ესმით რაღაც შეურაცხმყოფელი, ეგრევე რეაგირებენ: „რა თქვი დედაჩემზე?!“ - მათთვის ეს სულ სხვა თემაა. ეს გვინახავს არმანთან, ხამზატთან, მერაბთან... თოფურიასა და პედი პიმბლეტსაც ჰქონდათ თავიანთი პატარა შეხლა-შემოხლა და ხელის კვრა. ჩვენ მებრძოლები ვართ. ეს არ არის სათამაშო სპორტი და არც საოფისე სამსახურია. ეს ჩვენი საქმეა და როცა ემოციები პიკს აღწევს, ზოგჯერ მუშტებიც ერთვება.
არ ვამბობ, რომ ეს კარგი იყო სპორტისთვის ან მათთვის, ან რომ სწორად მოიქცნენ. არა, ეს არ უნდა მომხდარიყო და მით უმეტეს ასეთი ფორმით. ვფიქრობ, უსმანის დასჯა და ახლა ციხეში ყოფნა ძალიან ცუდია, რადგან ეს სპორტისთვისაც სამარცხვინოა და, დარწმუნებული ვარ, მისთვისაც, მისი ოჯახისთვისაც და გუნდისთვისაც. ეს ცუდ ჩრდილს აყენებს ისეთ მებრძოლს, როგორიც ის არის — ჩემპიონს, ნამდვილ მონსტრს, რომლის გარშემოც ახლა ამხელა აჟიოტაჟია. ძალიან დასანანია, რომ სიბრაზეს აჰყვა და სხვა მებრძოლს თავს დაესხა. ვიცი, რამდენად მაგარია და რა შეუძლია, მაგრამ როცა ასე ჩხუბობ, საკუთარი თავისა და გონების კონტროლიც უკეთ უნდა შეგეძლოს და საჯარო სივრცეში - მით უმეტეს აბუ-დაბის სასტუმროს ფოიეში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია - თავი არ უნდა დაკარგო.
ეს RAF-საც ცუდ იმიჯს უქმნის. ახლა ხალხი იფიქრებს, რომ RAF-ზე სულ ჩხუბი და არეულობა იქნება. იმედი მაქვს, ეს არაფერს შეცვლის არც მათთვის და არც UFC-სთვის, და მებრძოლებს ისევ მისცემენ იქ ჭიდაობის უფლებას, რადგან ეს შესანიშნავი სპორტი და კარგი სარეკლამო პლატფორმაა მებრძოლებისთვის.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. საბედნიეროდ, მერაბს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია - მეორე დღეს მანაც იჭიდავა და მისმა თანაგუნდელმაც, და ორივემ მოიგო. შემდეგ მერაბი მიკროფონთანაც გამოვიდა და თქვა, მინდა ციხიდან გამოუშვან, არ მინდა სასჯელი დაეკისროთ და საჩივრის შეტანას არ ვაპირებო. ამას პატივი უნდა სცე. მიუხედავად მათ შორის არსებული კონფლიქტისა და დაპირისპირებისა, ის მაინც მზადაა თქვას: „კარგი, ვიჩხუბეთ, მოვაგვაროთ ეს ამბავი და ნუღარ გავწელავთ“. ერთი ცუდი დღის გამო ადამიანების მომავალი არ უნდა დაინგრეს. ვნახოთ, რა იქნება და საით წავლენ ეს ბიჭები. მოკლედ, კარგი სანახავი ნამდვილად არ იყო.
რამდენიმე დღის წინ მერაბ დვალიშვილსა და მასთან ერთად მყოფ საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგედოვი, მისი ძმა უმარ ნურმაგომედოვი და მათი თანაგუნდელები აბუ-დაბიში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შედეგად, დაღესტნელი მებრძოლები დაპატიმრებულნი არიან და 6-თვიანი სასჯელის მოხდა მოუწევთ. პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მათ დეპორტირებას გაუკეთებენ და აბუ-დაბიში ჩასვლა სამუდამოდ ექნებათ აკრძალული.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს