ბეილი სევილიას თანამფლობელი იქნება? - მოლაპარაკება დაწყებულია
გარეტ ბეილი „სევილიას“ შეძენით დაინტერესებულ ერთ-ერთ საინვესტიციო ფონდს კონსულტაციას უწევს. „რეალის“ ყოფილ ფეხბურთელთან დაკავშირებული ფონდი და საუდის არაბეთის ძმების, საიედების საკუთრებაში არსებული კომპანია ანდალუსიური კლუბის აქციების 85%-მდე შეძენას განიხილავენ. გამოცემა El Confidencial-ის შეფასებით, „სევილიას“ ღირებულება 500 მილიონი ევროა.
სერხიო რამოსის შეთავაზების ჩაშლის შემდეგ „სევილიას“ შესაძლო მყიდველად კიდევ ერთი ყოფილი მადრიდელი გამოჩნდა. El Confidencial-ის ჟურნალისტ აგუსტინ მარკოს ცნობით, გარეტ ბეილი ერთ-ერთ საინვესტიციო ფონდს უწევს კონსულტაციას, რომელიც ანდალუსიური კლუბის შეძენით არის დაინტერესებული.

პოტენციურ მყიდველებს შორისაა საუდის არაბეთის მოქალაქე ძმების, მანსურ და ჰაიდერ საიედების საკუთრებაში არსებული კომპანიაც. გარიგებას Goldman Sachs ზედამხედველობს და ის კლუბის აქციების 85%-მდე შეძენას შეიძლება ითვალისწინებდეს.
გამოცემის შეფასებით, „სევილიას“ ღირებულება 500 მილიონ ევროს შეადგენს, რაც წინა შეფასებასთან შედარებით 25%-იანი ზრდაა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკული საინვესტიციო ჯგუფ Pitchwise-ის მიერ „ვალენსიას“ აქციების 42%-ის შეძენამ ანდალუსიური კლუბის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა.
ABC de Sevilla-ს ჟურნალისტ სამუელ სილვას ინფორმაციით, აქციონერები არასავალდებულო შეთავაზებებს დეკემბრის შუა რიცხვებამდე ელოდებიან. კლუბის გასაყიდი ფასი ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. გეგმის მიხედვით, შეირჩევა სამი კანდიდატი, რომლებთანაც მოლაპარაკებები გაგრძელდება, ხოლო საბოლოო მყიდველის ვინაობა წლის ბოლომდე უნდა გაირკვეს. მიზანია, გარიგება 2027 წლის პირველ თვეებში დასრულდეს.
ABC-ის ცნობით, ბეილის მიერ კონსულტირებული ფონდი „სევილიას“ შეძენით გასულ ზაფხულსაც ინტერესდებოდა, მას შემდეგ, რაც სერხიო რამოსთან მოლაპარაკებები ჩაიშალა.

გასულ კვირას ანტონიო ლაპიმ და ფედე კინტერომაც განაცხადეს, რომ მათი შეთავაზება კვლავ ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ის უარყოფილი იყო.
კლუბის გაყიდვაზე მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ფინანსური რესტრუქტურიზაციის ფონზე მიმდინარეობს. პრეზიდენტის განცხადებით, „სევილიას“ წმინდა ვალი 60 მილიონ ევროს შეადგენს, კლუბს კი მინიმუმ 80 მილიონი ევროს ოდენობის კაპიტალის გაზრდა სჭირდება.
10 დეკემბერს დირექტორთა საბჭო აქციონერებს 2025-26 ფინანსური წლის პროგნოზირებულ ფინანსურ შედეგებს წარუდგენს, რომლის მიხედვითაც კლუბის ზარალი 27.4 მილიონი ევრო იქნება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს