ვინისიუს ჟუნიორი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ბოლო წლებთან შედარებით, ნაკლები ვივარჯიშე“ - ვინისიუსი ცუდი ფორმის შესახებ

ვინისიუს ჟუნიორმა სეზონის წარუმატებელ სტარტზე ისაუბრა. ბრაზილიის ნაკრების პრესკონფერენციაზე, ორშაბათს, „რეალის“ თავდამსხმელმა აღიარა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოსამზადებლად ნაკლები დრო დაუთმო და აღნიშნა, რომ მის თამაშზე მოედნის მიღმა არსებულმა ფაქტორებმაც იმოქმედა.

ფეხბურთელის განმარტებით, მსოფლიო ჩემპიონატიდან ნაადრევად გამოვარდნამ მასზე ემოციურად იმოქმედა. შვებულება კი დასვენებას, ოჯახის წევრებთან დროის გატარებასა და განტვირთვას დაუთმო. შედეგად, ბოლო წლებთან შედარებით, ნაკლები ივარჯიშა.

„ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სათანადოდ ვერ მოვემზადე, რადგან ტურნირს ჩვენთვის, ბრაზილიელებისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე ნაადრევად გამოვარდნას არ ველოდით. ამიტომ შვებულება სრულფასოვნად დასვენებას, განტვირთვასა და ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარებას დავუთმე. ბოლო წლებთან შედარებით, ნაკლები ვივარჯიშე“.

ვინისიუსმა ასევე ისაუბრა იმ სირთულეზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშის შენარჩუნებას ახლავს. ამის მაგალითად კრიშტიანუ რონალდო და ლიონელ მესი დაასახელა. 26 წლის ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ საკუთარ შეცდომებს აცნობიერებს და გამოსწორებას ცდილობს, თუმცა ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაც სურს.

„ასეთი მაღალი დონის ამდენი ხნის განმავლობაში შენარჩუნება ყოველთვის ძალიან რთულია. ვფიქრობ, მხოლოდ კრიშტიანუ რონალდომ და მესიმ შეძლეს ამდენი წლის განმავლობაში იმავე შედეგების ჩვენება. მეც ადამიანი ვარ და ხშირად ვუშვებ შეცდომებს, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, გავუმჯობესდე. ვცდილობ, მეტი გავიგო ფეხბურთზე, ყოველდღიურ სამუშაო პროცესზე, მაგრამ 26 წლის ვარ და ცხოვრებით სიამოვნების მიღებაც უნდა მოვახერხო“.

თავდამსხმელმა სეზონის სტარტზე გავლენის მქონე ფაქტორებს შორის „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი და გასულ ზაფხულს სხვა კლუბების მხრიდან გამოჩენილი ინტერესი დაასახელა.

„შესაძლოა, ამან სეზონის დასაწყისზე იმოქმედა. კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხმაც და იმანაც, რომ გასულ ზაფხულს ბევრი კლუბი დამიკავშირდა, ძალიან ამირია ფიქრები. ასევე, გავლენა იქონია „რეალ მადრიდში“ არსებულმა ვითარებამ. თუმცა სეზონი ძალიან გრძელია“.

მიუხედავად არასტაბილური სტარტისა, ვინისიუსი დარწმუნებულია, რომ ფორმის დაბრუნებას შეძლებს. მან გაიხსენა, რომ გასულ სეზონშიც დეკემბრამდე არცთუ ისე ბევრი გოლი ჰქონდა გატანილი, თუმცა საბოლოოდ 20-ზე მეტი გოლით დაასრულა სეზონი.

„გასულ სეზონში დეკემბრამდე მხოლოდ ხუთი გოლი მქონდა გატანილი. შემდეგ კი, როგორც სხვა სეზონებში, 20-ზე მეტი გოლით დავასრულე წელი. ვფიქრობ, საკუთარ თავს ვამზადებ და ვვითარდები, რადგან სეზონის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის მზად ვარ“.

იაპონიასთან მატჩში გატანილი გოლები

„ორი გოლი მნიშვნელოვანია, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ შეხვედრა ვერ მოვიგეთ. ამასთან, ახლა მოსამზადებელ ეტაპზე ვართ და გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. ერთმანეთს უკეთ ვეცნობით. იაპონიას მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე 15-16 ფეხბურთელი ჰყავდა, ჩვენ კი — ამდენი არა. ეს კარგი გამოცდა იყო და იმ მეტოქეებისგან, რომლებსაც ვხვდებით, ბევრს ვსწავლობთ“.

მსაჯობა იაპონიასთან მატჩში

„შედეგითა და მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო დავრჩით, თუმცა ეს ისეთი რამ არ არის, რაზეც მუდმივად უნდა ვიფიქროთ. დიდი გზა გავიარეთ, რათა გვეთამაშა და მოგვეგო. პასუხისმგებლობა ყოველთვის ჩვენზე, ფეხბურთელებზეა. მეტის გაკეთება შეგვეძლო. ახლა კი უკვე სინგაპურთან მატჩზე ვართ კონცენტრირებული“.

კრიტიკა

„ამ ეტაპზე კრიტიკა ჩვეულებრივი ამბავია. ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონატი დიდი ხანია არ მოუგია, ტურნირს კი ძალიან ადრე გამოვეთიშეთ. ბუნებრივია, ყველა საუბრობს და საკუთარ აზრს გამოთქვამს. მათ შორის ის ფეხბურთელებიც, რომლებიც აქ იყვნენ და ახლა რისი თქმაც სურთ, იმას ამბობენ.

თუმცა მე ყოველთვის ვხვდები რონალდინიოს, რონალდოსა და სხვა ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენზე ყოველთვის დადებითად საუბრობენ. უნდა მოვუსმინოთ მათ, ვისაც ჩვენი წარმატება სურს.

ურთიერთობა ანჩელოტისთან

„მის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარული მქონდა. მან შეცვალა ჩემი ისტორია „რეალ მადრიდში“ და ზოგადად ფეხბურთში. ყოველთვის მიცავდა და საუკეთესო რჩევებს მაძლევდა.

როდესაც გავიგე, რომ ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებდა, ძალიან გამიხარდა, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი შედეგები გაუმჯობესდებოდა. მასთან ერთად უკვე მეათე გოლი გავიტანე, მანამდე კი მხოლოდ ექვსი მქონდა გატანილი.

ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ და მოკლე დროში ბევრი რამ უნდა მოვასწროთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ჩვენს საუკეთესო შემადგენლობასა და სათამაშო სქემას იპოვის, რათა ნამდვილი ბრაზილიური ფეხბურთი ვითამაშოთ“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ვინისუს ჟუნიორმა საკლუბო დონეზე, ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

ბრაზილიელმა ვილიარეალთან მატჩში 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ლა ლიგის ბოლო 4 დაპირისპირება გამოტოვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    “პირველ ტაიმით ძალიან უკმაყოფილო ვარ“ - ზიდანი თურქეთთან მატჩის შემდეგ
    “პირველ ტაიმით ძალიან უკმაყოფილო ვარ“ - ზიდანი თურქეთთან მატჩის შემდეგ