“შედეგი ჩვენს თამაშს შეესაბამება“ - ტუხელი ესპანეთის დამარცხების შემდეგ
თომას ტუხელმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ საკმაოდ ვრცელი პრესკონფერენცია გამართა. ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის თამაშზე, 43-მატჩიანი წაუგებელი სერიის მქონე ევროპის ჩემპიონების დამარცხებაზე, ტაქტიკაზე და ფეხბურთელების თავდაჯერებულობაზე ისაუბრა.
ტუხელი:
„ჩვენ კარგად გვესმის, რა გავაკეთეთ მოედანზე. 60-65 წუთის განმავლობაში ისეთი ფეხბურთი ვითამაშეთ, რომ 3:0-ს დამსახურებულად ვიგებდით. რა თქმა უნდა, წითელმა ბარათმა და პენალტმა მატჩის მიმდინარეობა და ხასიათი შეცვალა. ესპანეთთან მისსავე მოედანზე დარჩენილი 30 წუთი ზოგჯერ სამ საათს ჰგავს, მაგრამ ჩვენ და ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ვიცით, რა გავაკეთეთ. სწორედ ეს არის ამ გამარჯვების მნიშვნელობა — შედეგი ჩვენს თამაშს შეესაბამებოდა.
ეს იყო უმაღლესი დონე თავდაჯერებულობის, გუნდური სულისკვეთებისა და ერთიანობის თვალსაზრისით. ფეხბურთის ხარისხითაც ყველა კომპონენტში უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ. ერთად გავაკეთეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო — ბურთის გათამაშება დაცვიდან, მაღალი პრესინგი, კონტრშეტევები, შეტევითი და დაცვითი მოქმედებები. ეს შესანიშნავი თამაში იყო და გასახდელში საოცარი განწყობა გვქონდა.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებშიც ვითამაშეთ, ვფიქრობ, დიახ. წნეხი, მეტოქის ხარისხი და ის ფაქტი, რომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ, მადრიდში, მათ სტადიონზე ვითამაშეთ, ამ ყველაფერს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მეტოქეს 43-44 მატჩის განმავლობაში არ ჰქონდა წაგებული. ამ გარემოში ასეთი თამაშის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯერჯერობით ეს ჩემი საუკეთესო მატჩია.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადადგმული ნაბიჯებით ძალიან კმაყოფილი ვარ. გვინდოდა, გაგვეუმჯობესებინა თამაში ბურთის გათამაშებისას, უკეთ გვეთამაშა დაბალ დაცვით ბლოკში და ამასთანავე, ყველა მეტოქისთვის ჩვენი სათამაშო იდენტობა მოგვეხვია თავს.
ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ჯგუფური ეტაპის განმავლობაში აშკარად ჩანდა. შედეგებიც შესაბამისი იყო. ამჯერად მოსამზადებლად მხოლოდ ერთი კვირა გვქონდა, მაგრამ გასახდელში ნამდვილი რწმენა იგრძნობოდა. ვგრძნობდი, რომ ფეხბურთელებს სჯეროდათ — ეს სწორედ ის მომენტი იყო, როდესაც საკუთარი შესაძლებლობები უნდა დაგვემტკიცებინა და ჩვენი ზღვარი გამოგვეცადა.
უნდა ენდო თანაგუნდელებს. უნდა გჯეროდეს, რომ თუ ერთი ფეხბურთელი პრესინგზე მიდის, ყველა დანარჩენიც მას მიყვება. ჩვენ ყველანი ბოლომდე ჩართულები ვიყავით. ასეთი მატჩი, ასეთ სტადიონზე და ასეთი მეტოქის წინააღმდეგ, სწორედ ის მომენტია, როდესაც საკუთარი თავის გამოცდა გჭირდება.“
შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა 43-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ინგლისი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ამ გუნდების წინა დაპირისპირება ინგლისში ესპანეთმა იდენტური ანგარიშით - 3:2 მოიგო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს