დე ლა ფუენტე: “გამარჯვებას ისე შევეჩვიეთ, რომ უკვე თითქმის დაგვავიწყდა, რას ნიშნავს მარცხი“
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, ინგლისთან 2:3 მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. მან ესპანეთის 43-მატჩიანი წაუგებელი სერია, პირველი ნახევრის ჩავარდნა, ინგლისის უპირატესობა, ლამინ იამალი, პედრის სათადარიგოთა სკამზე დატოვება და ფეხბურთელებთან გასახდელში საუბარი შეაფასა.
დე ლა ფუენტე:
„ამ მარცხიდან მხოლოდ დადებითი დასკვნები გამომაქვს. ის კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად რთულია იმ დონემდე მიღწევა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ვიცით, როგორ უნდა მოვიგოთ და ვიცით, როგორ უნდა წავაგოთ. შევხვდით მეტოქეს, რომელმაც გვაჯობა და პირველი 30 წუთის განმავლობაში აშკარა უპირატესობას ფლობდა. თუმცა მქონდა განცდა, რომ საბოლოოდ ანგარიშის შემოტრიალებას შევძლებდით. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.
ეს შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად რთულია იმ შედეგებისა და რეკორდების მიღწევა, რომლებიც ჩვენ დავაფიქსირეთ. ამ გზაზე ერთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატიც მოვიგეთ. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
ინგლისს უდიდესი ენერგია და გამორჩეული ფიზიკური შესაძლებლობები აქვს. ეს ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც უზარმაზარი საფეხბურთო პოტენციალი გააჩნია. ასეთი მატჩი შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის ან ევროპის ჩემპიონატის ფინალიც ყოფილიყო. ასეთ შეხვედრებში საუკეთესო ფორმაში უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქე გადაგივლის. ინგლისი მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში ჩვენზე უკეთესი იყო, თუმცა გვქონდა მომენტები, როდესაც ანგარიშის შემოტრიალება შეგვეძლო.
მხოლოდ მადლიერების გამოხატვა შემიძლია ამ გუნდის მიმართ. გამარჯვებას ისე შევეჩვიეთ, რომ უკვე თითქმის დაგვავიწყდა, რას ნიშნავს მარცხი. თუმცა ზოგჯერ ასეთი შედეგიც საჭიროა იმის გასააზრებლად, თუ რამდენად რთულია იმ ყველაფრის მიღწევა, რაც გავაკეთეთ.
ჩვენ გამარჯვების დროსაც ისეთივე გუნდი ვართ, როგორიც მარცხის შემთხვევაში. ფეხბურთელებს ვუთხარი, რამდენად ამაყი ვარ, რომ მათი მწვრთნელი ვარ. ეს ყველაფერი არ დასრულებულა. მარტში ერთა ლიგის მეოთხედფინალში ვითამაშებთ და ტურნირის კიდევ ერთხელ მოგება გვსურს
ჩვენ ძალიან მაღალი დონე შევინარჩუნეთ. ჩეხეთთან რთული მატჩი გვქონდა, მაგრამ გამარჯვება მოვახერხეთ. დღესაც გვქონდა შესაძლებლობები, რომ თამაში შემოგვეტრიალებინა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ორი მატჩის გამო ყველაფერი შეიცვალა. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ახლა ახალი გამოწვევა გველოდება.
ლამინის ყოლა პრივილეგიაა. თუმცა პრივილეგია მხოლოდ მისი ყოლა არ არის — პრივილეგიაა ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელების გვერდით მუშაობა. ისინი განსაკუთრებულ გარემოებებს სწორად იგებენ და გუნდს ეხმარებიან. პედრი ფანტასტიკური ფეხბურთელია, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. მაგრამ ფაბიან რუისიც შესანიშნავი მოთამაშეა. მათ შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა და გადაწყვეტილება მივიღე.
ცვლილებებით ყველა შესაძლო რესურსის გამოყენება გვინდოდა. მიზანი იყო, მეტოქე საკუთარ ნახევარზე ჩაგვეკეტა და საგოლე მომენტები შეგვექმნა. ეს მოვახერხეთ კიდეც, მაგრამ მოწინააღმდეგე მეკარემ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და ბოლო წუთებში რამდენიმე დიდებული ბურთი აიღო. ტუხელი? მასთან რამდენიმე წამით ვისაუბრე ამ კვირაში გაკეთებულ განცხადებებზე. მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ერთმანეთის მიმართ აღფრთოვანება და პატივისცემა გვაქვს.“
შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა 43-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ინგლისი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ამ გუნდების წინა დაპირისპირება ინგლისში ესპანეთმა იდენტური ანგარიშით - 3:2 მოიგო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს