კარლო ანჩელოტი, რომარიო
Aa
Aa

“სიმართლე ისაა, რომ ბევრს ლაპარაკობს“ - ანჩელოტიმ რომარიოს უპასუხა

კარლო ანჩელოტიმ სამბას ლეგენდის, რომარიოს მოწოდებას უპასუხა. ყოფილმა ფეხბურთელმა იაპონიასთან ამხანაგურ მატჩში 2:3 მარცხის შემდეგ იტალიელის გათავისუფლება მოითხოვა.

რომარიოს მიაჩნია, რომ მიუხედავად საკლუბო დონეზე მიღწეული შთამბეჭდავი წარმატებებისა, ანჩელოტის ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია, რომ ბრაზილიის  ნაკრების გაძღოლა შეუძლია.

ბრაზილიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს კრიტიკაზე პასუხად ანჩელოტიმ ესპანურად განუცხადა:

„ეს გამოხატვის თავისუფლებაა და დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება“.

„რომარიომ თავისი მოსაზრება გამოთქვა და ყველას აქვს უფლება, თქვას ის, რაც სურს — მართალია თუ მცდარი. სიმართლე ისაა, რომ რომარიო ბევრს ლაპარაკობს და ეს მისი უფლებაა“,

— განაგრძო იტალიელმა

პრესკონფერენციაზე ანჩელოტიმ საკუთარ სამუშაოზეც ისაუბრა:

„ეს ჩემთვის ახალი სამუშაოა და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებთ, თუმცა ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის. მეტი უნდა გავაკეთო და ასეც მოვიქცევი. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვმუშაობ. განვითარება მჭირდება.

გუნდის კვლავ კონკურენტუნარიანად ქცევისთვის მეტი უნდა გავაკეთო. დიდი ხანია, ბრაზილია კონკურენტუნარიანი აღარ არის. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და მსურს, მეტი გავაკეთო, რათა ჩვენი ნაკრები მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი გახდეს“.

ანჩელოტიმ იაპონიასთან მარცხის მნიშვნელობა შეამცირა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ექსპერიმენტებისთვის შესაფერისი პერიოდია.

„ცხადია, ახლა ექსპერიმენტების დროა. ახალ ფეხბურთელებს ვსინჯავთ — მათ შორის გაბრიელ ბონტემპოს, ანდრესა და ჟონატა ჟეზუსს... ეს ძალიან დადებითი შეფასებებია, კონკრეტული სახელების დასახელების გარეშეც.

ყოველთვის კარგი თამაშის ჩვენება გვსურს, თუმცა შეუძლებელია, ერთდროულად ექსპერიმენტები ჩაატარო, შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანო და გუნდი მოამზადო. ყველას გვჯერა, რომ სწორი გზით მივდივართ. ამ კურსს დიდი თავდაჯერებით ვაგრძელებთ და სინგაპურთან ნამდვილი გამოცდა გველოდება“.

„ახლა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა შევაფასოთ. იაპონიასთან მატჩმა აჩვენა, რომ შეტევასთან შედარებით დაცვის თამაში უფრო მეტად უნდა გავაუმჯობესოთ. თუმცა სწორი გზით მივდივართ, რათა მომავალში ძალიან ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავდეს“,

რომარიო ანჩელოტის აკრიტიკებს

რომარიომ იტალიელი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელად მოიხსენია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს რეპუტაცია მან საკლუბო დონეზე მოიპოვა. ბრაზილიის ნაკრებში კი ანჩელოტის ჯერ არ მიუღწევია იმ შედეგებისთვის, რასაც მისგან ელიან. 

ყოფილი თავდამსხმელი მხოლოდ მწვრთნელის კრიტიკით არ შემოიფარგლა. მან ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტსაც შეუტია და გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა მოსთხოვა.

რომარიომ პრეზიდენტ სამირ შაუდს პირდაპირ მიმართა: გამოიჩინოს გამბედაობა და ანჩელოტის კონტრაქტი გაწყვიტოს. მისი გაფრთხილებით, თუ არსებული ვითარება გაგრძელდება, ეროვნულ ნაკრებს შესაძლოა კიდევ უფრო მეტი წარუმატებლობა ელოდეს.

რომარიოს აზრით, ბრაზილიის მაისური ექსპერიმენტებისა და არასწორად გათვლილი გადაწყვეტილებებისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს, რადგან გულშემატკივრებს ისედაც საკმარისად ბევრი იმედგაცრუების გადატანა უწევთ.

ყოფილი ფეხბურთელის თქმით, მის ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი შანსის დაკარგვის უფლება არ აქვს. მან ანჩელოტის ურჩია, თუ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება სურს, საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდეს და ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა დატოვოს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    “პირველ ტაიმით ძალიან უკმაყოფილო ვარ“ - ზიდანი თურქეთთან მატჩის შემდეგ
    “პირველ ტაიმით ძალიან უკმაყოფილო ვარ“ - ზიდანი თურქეთთან მატჩის შემდეგ