საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ტაქტიკა, მონახაზი, არაფერი არ ჩანს, კრიტიკულ ზღვარს ვუახლოვდებით“ - ინტერვიუ ნუკრი კაკილაშვილთან

2024 წელს ქართველი გულშემატკივრებისადმი ევროპის ჩემპიონატზე გასვლით მინიჭებული უდიდესი სიხარულის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებისგან ასეთ ჩავარდნას ძნელად თუ ვინმე მოელოდა. გამარჯვებას ვინ ჩივის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ზედიზედ 5 მატჩია მეტოქის კარში გოლის გატანას ვერ ახერხებს. შესაბამისად, თუ ტურნირის დაწყების წინ ქომაგები ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებს ჯგუფის მოგებას უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა იმისათვის ვიბრძვით, რომ ბოლო ადგილი არ დავიკავოთ და C ლიგაში დაქვეითების საფრთხე თავიდან ავირიდოთ.

რამდენად სიღრმისეულია პრობლემა და სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი, ამის თაობაზე Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 1981 წლის თასების მფლობელთა თასის მფლობელის, „დინამო თბილისის“ ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა ნუკრი კაკილაშვილმა საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა.

ნუკრი კაკილაშვილი

სერიოზული ჩავარდნა აქვს საქართველოს ნაკრებს, ისეთი, რომ ყველანაირ კრიტიკულ ზღვარს სცდება. ზედიზედ ხუთი მატჩია გოლს ვერ ვიტანთ, უბრალოდ წარმოუდგენელია. შიდა სამზარეულოში არ ვარ ჩახედული და მიზეზებზე ზუსტად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ფაქტი ერთია - ალბათ არ არიან ისეთი კვალიფიციური ფეხბურთელები, როგორც უნდა იყვნენ სანაკრებო დონეზე. აბა კარამდე ბურთი ვერ მიაქვთ და კარში ვერ ურტყამენ და დაცვაც საშინელია.

როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით, მაშინ ყველა ფორმის პიკზე იყვნენ. ახლა კი ბევრი არ არის ფორმაში. მაგალითად გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მე ძალიან მომწონს და ვატყობ, რომ ძველებურ კონდიციებში არ იმყოფება, რისი მთავარი მიზეზიც ისევ და ისევ ტრავმებია, თორემ ძალიან დიდი ტალანტი რომ არის, ამაზე საუბარი ზედმეტია. გიორგი მიქაუტაძეზე რა შემიძლია ვთქვა? კარგი თავდამსხმელია, მაგრამ ფაქტობრივად ბოლო პერიოდში საერთოდ ვერ თამაშობს. შეიძლება სხვა მიზეზია და ბურთი ვერ მიაქვთ მიქაუტაძემდე, ძალიან ბევრი ფაქტორია და უცუდესი შედეგია - ღმერთმა არ ქნას ბოლო ადგილზე გავიდეთ.

ფაქტია, რომ უკანა ხაზშიც ძალიან გვიჭირს, განსაკუთრებით კი დაცვის ცენტრალურ ზონაში. ახლაც ორივე გოლი ცენტრიდან გავიდა. ყველა რგოლში გვიჭირს, ბურთის გათამაშებაც პრობლემაა, ორ-სამ პასს ვერ აკეთებენ, რომ წესიერი კომბინაცია გათამაშდეს. ხვიჩა როდესაც თამაშობს, ინდივიდუალურად რაღაცას ქმნის, რადგან ეს ბიჭი მოვლენაა და დიდი ფეხბურთელია. დანარჩენი რა გითხრათ? მონახაზი არ ჩანს, ტაქტიკა არ ჩანს.

რამაზ სვანაძე ჩემი კოლეგისა და მეგობრის, ზაურ სვანაძის ძმიშვილია და ამ ბიჭმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში შედეგი დადო. ეროვნულში კი ფაქტიურად ჩავარდნილი გუნდი ჩაიბარა, ამიტომ ნუ დავაბრალებთ მას ამ წარუმატებლობას. დრო არ ჰქონდა, მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ, რადგან ჭკვიანი, თავის საქმის პროფესიონალი ახალგაზრდა კაცია. ვილი სანიოლი გასაშვები იყო და მისი ბრალი იყო. პირველივე თამაშზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან როგორი დაცვითი შემადგენლობა დააყენა ხომ გახსოვთ? ჩვენ ეს თამაში რომ მოგვეგო, შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.

ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა როგორ არ მოქმედებს, ის ხომ ნახევარი გუნდია. თავისი ინდივიდუალური ნიჭის ხარჯზე მუდამ რაღაცას ქმნის. ის და გიორგი მამარდაშვილი არის საქართველოს ნაკრების ხერხემალი.

ცნობისათვის, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის წლევანდელ გათამაშებას ხვალ, უკრაინელებთან ნეიტრალურ სტადიონზე, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გასამართი შეხვედრით დაასრულებს, რომელიც თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება. მარცხის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს და მარტში C დივიზიონის რომელიმე მეორეადგილოსანთან B ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ორმატჩიანი პლეი აუტის გამართვა მოუწევს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კვარაცხელია არ ჰყავთ და მგონია, არ წავაგებთ“ - უკრაინის ნაკრებს ყოფილი ფეხბურთელი
    „კვარაცხელია არ ჰყავთ და მგონია, არ წავაგებთ“ - უკრაინის ნაკრებს ყოფილი ფეხბურთელი