გოგა ბითაძე, ჯეისონ ტეიტუმი, დესმონდ ბეინი, პოლ ჯორჯი, ფრანც ვაგნერი
Aa
Aa

ბითაძის ეფექტური ჩატენვები და +14 | ორლანდომ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდმა სტუმრად, „თიდი გარდენში“ ითამაშა და „ბოსტონ სელტიქსი“ 115:105 დაამარცხა.

ბითაძემ „მეჯიქის“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. გოგამ პარკეტზე 19 წუთი და 55 წამი გაატარა და 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა ეფექტური ჩატენვები შემოგვთავაზა, 6-დან 5 ბურთი ჩააგდო და 3 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა.

ბითაძემ 10-ქულიანი ნიშნული ზედიზედ მეორე შეხვედრაში გადალახა. როდესაც გოგა პარკეტზე იმყოფებოდა, „ორლანდომ“ „ბოსტონზე“ 14-ით მეტი ქულა დააგროვა, რაც ფრანც ვაგნერთან ერთად ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

„მეჯიქის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 24 ქულა დესმონდ ბეინმა ჩააგდო. ვაგნერმა 21 ქულა, 8 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ხოლო ენტონი ბლექს 20 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. „ბოსტონის“ რიგებში საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო — 24 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა. პოლ ჯორჯმა 22 ქულა დააგროვა, პეიტონ პრიჩარდმა — 21.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 6 მოგება და 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილს იკავებს. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 19 ნოემბერს გამართავს და „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „როდესაც უსმანი ჩემთან მოვიდა, ღიმილით შევხვდი, მან კი...“ - მერაბმა ინციდენტი დეტალურად გაიხსენა
    „როდესაც უსმანი ჩემთან მოვიდა, ღიმილით შევხვდი, მან კი...“ - მერაბმა ინციდენტი დეტალურად გაიხსენა