„მომთმენი ვარ და ვიცი, რომ ნაკრებში ძლიერი კონკურენციაა“ - ეგოიანი
საქართველოს ნაკრებისა და „ექსელსიორის“ ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი ნიდერლანდურ გამოცემა Tubantia-ს ესაუბრა.
„საქართველოს ნაკრებს როცა ეხება საქმე, პირველ რიგში ყველა ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს, მაგრამ ასევე გვყავს გიორგი მიქაუტაძე, გიორგი მამარდაშვილი და ზურიკო დავითაშვილი - ყველა მათგანი ჩემპიონთა ლიგის დონის ფეხბურთელია. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვისწავლო მათგან, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ საკუთარ ნახევარზე და მეტოქის ნახევარზე.
რა თქმა უნდა, სანაკრებო პაუზის დროს ბევრი ფრენა გიწევს. ოქტომბერში ნიდერლანდებიდან თბილისში ჩავედი, შემდეგ უნგრეთში, იქიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში და მერე ნიდერლანდებში დავბრუნდი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ თამაშობ, ეს მაინც დამღლელია.
ვფიქრობ, „გრონინგენთან“ მატჩში ეს დამეტყო კიდეც - საკუთარ თავს არ ვგავდი. დრო დამჭირდა, ფიზიკური ფორმა რომ აღმედგინა. იმედია, ახლა უკეთეს ფორმაში დავბრუნდები, იმიტომ რომ [21 ნოემბერს] „ფეიენოორდთან“ მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, მაგრამ ახლა ნაკრების თამაშზე ვარ ფოკუსირებული.
მცირე სათამაშო დრო ნაკრებში? მომთმენი ვარ და არ ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა ვითამაშო. რეალურად ვაფასებ ყველაფერს და ვიცი, რომ ნაკრებში ძლიერი კონკურენციაა და სხვა ფეხბურთელებისგან უნდა ვისწავლო. ამ სანაკრებო პაუზასაც პროგრესისთვის გამოვიყენებ. დამაგვირგვინებელ ფაზაში გადაწყვეტილების მიღება უნდა გავაუმჯობესო და ამას ნაკრებში ყოფნის დროსაც ვსწავლობ, იმიტომ რომ კვარაცხელიას და სხვა ფეხბურთელების დონე უბრალოდ დაუჯერებელია“.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ეგოიანს საქართველოს ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი დებიუტი ივნისში, რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა.
ფოტო: nakrebi.ge
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს