უგოლოდ და ბოლო ადგილზე | საქართველოს ნაკრების სრული კატასტროფა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა სლოვაკეთში, კოშიცეში უკრაინასთან გამართა. მატჩი უკრაინის ნაკრებმა 1:0 მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 2 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა, თან ისე რომ გოლი არ გაუტანია. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელმაც გოლი ვერ გაიტანა.
ანგარიში პირველივე წუთზე უკრაინის ნაკრებმა გახსნა, ზურიკო დავითაშვილის ცუდი პასის შემდეგ დანილო სიკანმა მამარდაშვილს დაბალ კუთხეში გაუტანა. ქართველ მეკარეს მოგერიება შეეძლო, თუმცა ინერტულად იმოქმედება.
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა, ბევრ უტევდა, ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი რამაზ სვანაძის გუნდის მხარეს იყო (66 პროცენტი), თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში არაზუსტად ვმოქმებდით ან დარტყმას სიძლიერე აკლდა.
მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, უკრაინის ნაკრებმა რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელა, საქართველოს ნაკრების პრობლემა კი კვლავ ბოლო მესამედში არაზუსტი მოქმედებები იყო.
70-ე წუთზე სარაპიის დარტყმის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა კარის ხაზზე საოცარი რეაქცია გამოავლინა და გოლისგან გვიხსნა.
90-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა მეტოქეს ბურთი აართვა, მსაჯი შეცდა და ჯარიმა დანიშნა, რაზეც ქართველი ფეხბურთელი გაბრაზდა და აღშფოთება გამოხატა. ამ ქმედების გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველოს ნაკრებმა თამაში 10 ფეხბურთელით დაასრულა.
საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მამარდაშვილი, კაკაბაძე (მაისურაძე 90), გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, გაგნიძე (მოისწრაფიშვილი 84), ქოჩორაშვილი, დავითაშვილი (ზივზივაძე 56), ჩაკვეტაძე (გაგუა 90), კვერნაძე (ეგოიანი 84), მიქაუტაძე
მიმდინარეობს განახლება
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს