„ლაჩრები არიან, ჩვენს სპორტში ამის ადგილი არაა“ | ადესანია მერაბსა და უსმანზე
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისრაელ ადესანიამ, დემეტრიუს ჯონსონთან საუბრისას მერაბ დვალიშვილისა და უსმან ნურმაგომედოვის ინციდენტზე ისაუბრა. „იზიმ“ ნურმაგომედოვისა და მისი თანმხლები პირების ქმედებებს „ლაჩრული“ უწოდა და საბა ლაზიშვილი შეაქო.
„როდესაც ჩხუბის ამსახველი კადრები ვნახე, ძალიან გავბრაზდი. არ ვიცოდი, მათ რა ისტორია ჰქონდათ და კომენტარებში ვიღაცები წერდნენ, რომ ყველაფერი მერაბმა საქართველოში დაიწყო. რეალობა ისაა, რომ დვალიშვილი და ის ბიჭი პირისპირ იდგნენ. ვიღაც სახესთან გიდგას და საფრთხეს წარმოადგენს... იღბლიანი ადამიანია, ცხვირ-პირში რომ არ მოხვდა, მას მხოლოდ სილა გააწნეს.
მათ ამაზე პასუხად ჰქონდათ, მერაბს თავს შვიდნი დასხმოდნენ. ეს ნამდვილი სილაჩრეა. პატივისცემა დვალიშვილის მეგობარ საბას. უსმანის ქმედების შემდეგ მერაბი შოკში იყო, მან კი სიტუაცია იდეალურად შეაფასა. როგორც კი დვალიშვილმა პასუხის დაბრუნება გადაწყვიტა, საბა საქმეში ჩაერთო. მერაბის პასუხამდე რომ დაეწყო რამე, სწორი არ იქნებოდა, მაგრამ როგორც კი დაინახა, რომ მისი მეგობარი ჩხუბობდა, ბუმ, ბუმ, ბუმ... ხალხი დააგდო.
ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ ამ სპორტში მსგავსი ქმედებების ადგილი არ არის. ეს ლაჩრული საქციელია, მაგრამ ვერსად გავექცევით, რადგან ლაჩრები ყველგან არიან“.
შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანხმლები პირები დააკავეს და 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ისინი გათავისუფლებული არიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს