მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, უსმან ნურმაგომედოვი, საბა ლაზიშვილი
Aa
Aa

„იმ დღეს ყველაფერი ერთიანად დამატყდა თავს, მაგრამ...“ - საბა ლაზიშვილმა უსმანთან ჩხუბი გაიხსენა

საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ ცნობილ იუთუბერსა და MMA-ის მიმომხილველს, არიელ ჰელვანის მისცა. Youtube-ზე პირდაპირი ეთერის დროს 21 წლის სპორტსმენმა ინციდენტი დეტალურად გაიხსენა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

რას ამბობს საბა ლაზიშვილი:

ჩემი ცხოვრების ბოლო 5 დღე? საოცარი შეგრძნებაა. თითქოს გონებაში ვერც კი ვიაზრებ, რა ხდება. ეს ყველაფერი ისე სწრაფად და არსაიდან მოხდა. ამხელა აჟიოტაჟს ნამდვილად არ ველოდი და დღემდე არ ვიცი, რა ან როგორ ვიგრძნო. ძალიან მადლიერი ვარ თითოეული თბილი სიტყვისა და სიყვარულისთვის, რასაც ვიღებ. ეს უბრალოდ საოცარი გრძნობაა, რომელიც აქამდე არასდროს განმიცდია.

სანამ ჩხუბი დაიწყებოდა, როგორც ვიდეოშიც ჩანს, უბრალოდ ტელეფონში რაღაცას ვსქროლავდი და ვუყურებდი. თავიდან ვერც კი მივხვდი, როცა უსმანი მოვიდა და ხელი დაარტყა - ეგ მომენტი ვერც დავინახე. როცა ისინი შევნიშნე, ვიფიქრე, რომ ყველაფერი რიგზე იყო. თან უსმანი პირველად ვნახე პირადად და სიმართლე გითხრა, მისი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყავი - ყოველთვის ვქომაგობდი და მის ბრძოლებს ვუყურებდი. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის, თუ როგორ მოიქცა. მერაბმაც კი ღიმილით მოიხედა უკან, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ელოდა. ასე რომ, ჩემთვის ეს სრული მოულოდნელობა იყო, თუმცა არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე. არ მგონია, გამეკეთებინოს ისეთი რამ, რასაც სხვა ქართველი კაცი არ გააკეთებდა. ყველა ასე უნდა მოიქცეს. ჩვენ ყოველთვის დავდგებით ჩვენი ძმების გვერდით, ბოლო ამოსუნთქვამდე.

უსმანის გუნდელების დაყრა? სიმართლე გითხრა, არ ვიცი, როგორ აღვწერო, რადგან მხოლოდ ადრენალინს ვგრძნობდი და ვაკეთებდი იმას, რაც იმ წამს სწორად მიმაჩნდა. ბევრს არ ვფიქრობდი - უბრალოდ ვმოქმედებდი ისე, როგორც სწორად ვთვლიდი.

MMA-ში მოყვარულის დონეზე ვვარჯიშობდი. ხანდახან დავდიოდი MMA-ის დარბაზში, თუმცა სტრაიკინგზე ბევრს არ ვვარჯიშობდი. ზოგჯერ უბრალოდ გასართობად ჯიუ-ჯიცუზე შევდიოდი, რადგან ბოლო ორი წელი ჩემთვის ცოტა რთული იყო - სულ წყვეტებით მიწევდა ვარჯიში. სრულფასოვნად ვერ ვემზადებოდი, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, არაფრისთვის მომზადების საშუალება არ მქონია. თუმცა როცა ეს შესაძლებლობა გამომიჩნდა, უარი უბრალოდ ვერ ვთქვი - ვიცოდი, რომ თუ მოვინდომებდი, გავიმარჯვებდი.

რატომ ვერ ვვარჯიშობდი ბოლო თვეები? პირადი პრობლემების გამო და ასევე ზურგის ტრავმები მაწუხებდა. გარდა ამისა, მარცხენა მუხლზე ჯვარედინი იოგების ორი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ამის გამო ვერცერთ ტურნირზე ვერ გამოვდიოდი. მოგეხსენებათ, ჭიდაობაში, როცა ქვეყნის ჩემპიონატზე გამოდიხარ და მარცხდები, მთელი წლით ეთიშები შეჯიბრებებს. შარშან, როცა საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა, ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი და მოსაგებად ვემზადებოდი, მაგრამ ტურნირამდე ერთი კვირით ადრე ძალიან ცუდად გავხდი, ლოგინად ჩავვარდი და ასპარეზობა ვერ შევძელი. სწორედ ამიტომ წელს სრულფასოვნად ვერ ვვარჯიშობდი - შეჯიბრიც არ მქონდა, რისთვისაც მოვემზადებოდი. ფსიქოლოგიურადაც მქონდა სირთულეები და ფიზიკურადაც ბევრი ტრავმის მოშუშება მიწევდა.

MMA-ში ჩხუბი ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში მინდოდა, მაგრამ ჩემი ძმა სულ მეუბნებოდა, მოდი ჯერ ჭიდაობა დავასრულოთ, რომ მეტი გამოცდილება დააგროვოო. თან მქონდა შანსი, ჭიდაობაში კარგი გამარჯვებები მომეპოვებინა, რადგან არ მინდოდა ეს სპორტი სერიოზული მიღწევების გარეშე დამეტოვებინა. ამიტომ ვრჩებოდი ჭიდაობაში და პირდაპირ MMA-ში არ გადავდიოდი. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ წინ უნდა წავიდე და MMA-ს ბევრად უფრო სერიოზულად მოვკიდო ხელი.

ამ ჩხუბში მოხდა რაღაცები, რაც ვიდეოში არ ჩანს და გარკვეული მიზეზების გამო ამაზე საუბარი ახლა არ მინდა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ამ ბიჭებისგან ასეთ სიმხდალეს არ ველოდი. მათი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყავი; ვიცი, რომ კარგი სპორტსმენები და ნიჭიერი ხალხი არიან, მაგრამ გონებაში ვერ ვიაზრებ, როგორ შეიძლება ასეთი აზროვნება ჰქონდეთ. იმედია, მიხვდებიან, რა შეეშალათ, და ღმერთი აპატიებთ.

მერაბის მსგავსად, რა თქმა უნდა, მეც მინდოდა მათი გათავისუფლება. არ ვფიქრობ, რომ ისინი ციხეში კიდევ ერთი დღით მაინც უნდა დატოვონ. ჩვენ სპორტსმენები ვართ, მებრძოლები ვართ და მსგავსი რაღაცები ხდება - ოღონდ არა ისე, როგორც ეს მოხდა, ზურგიდან მიპარვით, ეგ არასწორია, რადგან იქ უამრავი ხალხი და ბევრი პატარა ბავშვი გიყურებს და ცუდ მაგალითს აძლევ. მაგრამ ჩხუბის გამო არ მგონია, ვინმე დასაჭერი იყოს. ვუსურვებ, რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ, სხვა არაფერი მინდა.

ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი - განსაკუთრებით ჩემთვის - მე არ ვიქნები ის ადამიანი, ვინც იტყვის, რომ მათი ციხეში ყოფნა უნდა. ჩემთვის ყველაფერი საკმაოდ კარგად შემოტრიალდა. თანაც, ღმერთი დიდია, ის თავის საქმეს გააკეთებს და ცხოვრებაში ციხის გარდა სხვა გზითაც დაანახებს სიმართლეს. ამიტომ მინდა, ცხოვრება ციხის გარეთ გააგრძელონ, რომ რაღაცებს უფრო ნათლად შეხედონ.

რაც შეეხება ურაია ფეიბერთან ჭიდაობას, როცა საპატიმროდან გამოვედით, პირდაპირ მანქანაში ჩავსხედით თუ არა, მაშინვე შემომთავაზეს და მეც ეგრევე დავთანხმდი. თუმცა სიმართლე გითხრა, თავიდან კითხვა კარგად ვერც გავიაზრე, რადგან თავში უამრავი რამ მიტრიალებდა. მერე, როცა გავაცნობიერე, კიდევ უფრო გამიხარდა, რადგან ცხოვრების საუკეთესო შანსი მომეცა. საერთოდ არ მიფიქრია, რა ფორმაში ვიყავი, მზად ვიყავი თუ არა - ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი.

ვნერვიულობდი თუ არა? სიმართლე გითხრა, დიდად არ ვნერვიულობდი, რადგან ამ დღეებში უზარმაზარ სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობდი - პოლიციის მხრიდანაც კი ძალიან კარგი დამოკიდებულება იყო. გარეთ რომ გამოვედი და ტელეფონი შევამოწმე, ხალხის მესიჯები რომ ვნახე, არსაიდან უდიდესი ენერგიით ავივსე. ასე რომ, ორთაბრძოლის წინ სტრესი ან ნერვიულობა არ მქონია. უბრალოდ გავედი და ბოლომდე შევიგრძენი ეს ყველაფერი. საოცარი გრძნობა იყო, ამას ცხოვრებაში არასდროს დავივიწყებ.

იმ ჩხუბის შემდეგ ტვინის სერიოზული შერყევა მქონდა - თავში ბევრი დარტყმა მომხვდა. გონება არ დამიკარგავს, ბრძოლას ვაგრძელებდი, მაგრამ ჩხუბის შემდეგ ყველაფერი ერთიანად ვიგრძენი. ძლიერი შერყევა მქონდა; თავს რომ დავხრიდი, ყველაფერი მიტრიალებდა. ყინულიც კი არ მქონდა, რომ სახეზე დამედო, წესიერად ვერც ვიღებდი ვიდეოებს. თან აბუ-დაბიში ჩასვლამდე საკვებით სერიოზულად მოვიწამლე და ბოლო დღეები, დღემდეც კი, წესიერად ვერ ვჭამ. მოკლედ, ყველაფერი ერთად დამატყდა თავს, მაგრამ იმ დღეს მენტალურად იმდენად ძლიერად ვგრძნობდი თავს, რომ არავისთან წავაგებდი - მნიშვნელობა არ ჰქონდა, ფეიბერი იქნებოდა თუ სხვა ვინმე, ჩემს საქმეს მაინც გავაკეთებდი. შეხვედრა რომ დაიწყო, პირველივე წამებზე, როცა შევეჯახეთ და კლინჩში თავი მომარტყა, მაშინვე ვიგრძენი და შერყევამ ისევ შემახსენა თავი - თითქმის გონების დაკარგვის პირას ვიყავი, მაგრამ საკუთარ თავში მაინც ვიპოვე ძალა, რომ გამეგრძელებინა.

ახლა თავს საოცრად ვგრძნობ. სადაც არ უნდა წავიდეთ, ხალხი მოდის, უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს გამოხატავს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ამად ღირდა - ყოველი წამი.

მხარდაჭერა სოციალურ ქსელებში? სიმართლე გითხრა, სიტყვებს ვერ ვპოულობდი, შოკში ვიყავი. არ ვიცი, რა გავაკეთე ისეთი, რომ ამხელა სიყვარული დავიმსახურე. ეს სრულიად მოულოდნელად მოხდა - ერთი კვირის წინ არავინ მიცნობდა, ახლა კი ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა ეტაპზე ვარ. მადლობას ვუხდი ღმერთს ყველაფრისთვის, რადგან არ მგონია, იმხელა სიყვარულს ვიმსახურებდე, რასაც ახლა ვიღებ. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ ღმერთი დიდია და ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც ახლა მაქვს.

მახსოვს, როცა დედაჩემსა და მამაჩემს დავურეკე - მათი სახეები რომ დავინახე, გავიგე, როგორ მელაპარაკებოდნენ და როგორ უხაროდათ, ეგ იყო ჩემთვის ყველაფერი. მაგის მერე სულ სხვა გრძნობა დამეუფლა, არც ვიცი, როგორ ავხსნა. ყოველთვის მინდოდა მათი გახარება, მაგრამ არ მეგონა, თუ ამას ასე ადრე შევძლებდი - ეს ნამდვილად არ მქონდა დაგეგმილი.

ძალიან ვწუხვარ ამ ორი ძმის გამო, რადგან დაღესტნიდან უამრავ შესანიშნავ ბიჭს ვიცნობ - ბევრ მაგარ მოჭიდავეს, ბევრ მაგარ MMA-ის მებრძოლს, ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. სირცხვილია, რომ ასეთი ხალხი მათ ასე ცუდად წარმოაჩენს ამხელა აუდიტორიის წინაშე. უამრავმა ადამიანმა ნახა, რაც მოხდა, და ახლა ძალიან ბევრი გამოდის დაღესტნელების წინააღმდეგ და ცუდ სიტყვებს ამბობს. ძალიან განვიცდი, რომ ხალხი დაღესტნელებზე ასე ცუდად ლაპარაკობს, და მინდა შენი არხი გამოვიყენო იმის სათქმელად, რომ გთხოვთ, ნუ იქნებით აგრესიულები დაღესტნელი ბიჭების მიმართ - ისინი შესანიშნავი ხალხი არიან და ორი გზააბნეული ძმის გამო ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოვხარშოთ.

რამდენიმე დღის წინ მერაბ დვალიშვილსა და მასთან ერთად მყოფ საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგედოვი, მისი ძმა უმარ ნურმაგომედოვი და მათი თანაგუნდელები აბუ-დაბიში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შედეგად, დაღესტნელი მებრძოლები დაპატიმრებულნი არიან და 6-თვიანი სასჯელის მოხდა მოუწევთ. პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მათ დეპორტირებას გაუკეთებენ და აბუ-დაბიში ჩასვლა სამუდამოდ ექნებათ აკრძალული.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „როდესაც უსმანი ჩემთან მოვიდა, ღიმილით შევხვდი, მან კი...“ - მერაბმა ინციდენტი დეტალურად გაიხსენა
    „როდესაც უსმანი ჩემთან მოვიდა, ღიმილით შევხვდი, მან კი...“ - მერაბმა ინციდენტი დეტალურად გაიხსენა