რიდის მაგარი მატჩი - 18 ქულა 18 წუთში
მარკის რიდმა საკალათბურთო კლუბ „ბაშაქშეჰირის“ შემადგენლობაში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ევროთასის რეგულარული გათამაშების მერვე ტურში თურქეთის კლუბმა იტალიის დედაქალაქში ადგილობრივი „რომა“ 22-ქულიანი სხვაობით, 92:70 დაამარცხა და საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშე მატჩის MVP სრულიად დამსახურებულად გახდა.
მარკისი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე გატარებულ 18 წუთში 18 ქულა, 1 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა. რიდმა პერიმეტრიდან 100-პროცენტიანი (ორიდან ორი) სიზუსტით ისროლა, საშუალო დისტანციიდან მისი ცხრა მცდელობიდან ექვსი შედეგიანად დასრულდა, საჯარიმოს ხაზიდან კი ერთხელაც არ უსვრია. 31 წლის ამერიკელმა ერთადერთი მოხსნა თავდასხმაში ასპარეზობის დროს შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, შვიდი მოგებითა და ერთი წაგებით „ბაჰჩეშეჰირი“ ევროთასის D ჯგუფის ლიდერია. მომდევნო შეხვედრას მარკის რიდი და მისი თანაგუნდელები 21 ნოემბერს, თურქეთის ჩემპიონატში საკუთარ სტადიონზე „კორფეზთან“ გამართავენ, რის შემდეგაც ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს