მურთაზ შელია
Aa
Aa

„ბრაზილიას პრობლემები აქვს, გერმანიას გუნდი არ ჰყავს, ჩავარდნა ჩვენც გვექნება“ - ინტერვიუ მურთაზ შელიასთან

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ბოლოდროინდელი წარუმატებლობა ბუნებრივია ყველა ქართველი გულშემატკივრისთვის დიდი იმედგაცრუებაა, თუმცა ალბათ ეროვნული გუნდის უფერული ასპარეზობა განსაკუთრებით მტკივნეული იმ ვეტერანი მოთამაშეებისთვის არის, რომელთაც წლების მანძილზე ნაკრების შემადგენლობაში უთამაშიათ და როგორც გამარჯვების სიხარული, ასევე მარცხის სიმწარე კარგად იციან. იმის შესახებაც კარგად უწყიან, სად არის შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსავალი და რამ მიიყვანა გუნდი ასეთ რთულ ვითარებამდე. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვეტერანმა ფეხბურთელმა მურთაზ შელიამ საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა და როგორც სანაკრებო თემატიკაზე, ასევე „ოქროს ბურთის“ თაობაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მურთაზ შელია

ბრაზილია პრობლემებშია, გერმანიას გუნდი არ ჰყავს და ასეთ ნაკრებებში არის სირთულეები. ამიტომ ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩავარდნა საქართველოს ნაკრებსაც ექნება. მთავარია, აქედან სათანადო დასკვნები გააკეთონ. ალბათ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმამ და მწვრთნელის შეცვლამ იმოქმედა კიდეც, თორემ ყველაზე მეტად რომ ნაკრების წევრებს სურდათ მოგება და გოლის გატანა, ამაზე საუბარი ზედმეტია.

რაშია გამოსავალი? უპირველეს ყოვლისა Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის დონე უნდა ამაღლდეს, რის შემდეგაც უფრო კარგი თაობა გვეყოლება და კარგი ფეხბურთელები წამოვლენ. ესენიც ნორმალური მოთამაშეები არიან, მაგრამ ალბათ არ უმართლებთ. ხომ იცით, ჩავარდნა და კრიზისული პერიოდი როგორც ფეხბურთში, ასევე სპორტის სხვა სახეობაში ჩვეულებრივი მოვლენაა.

მართალია, რომ ნაკრებში თითქმის იგივე ბირთვია და იგივე შემადგენლობა, რითაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გავედით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ წავიდა გურამ კაშია, წავიდა გიორგი გველესიანი. გინდა არ გინდა, სამი-ოთხი მოთამაშე გამოგვაკლდა და საქართველოს ნაკრებისთვის ოთხი ფეხბურთელის გამოკლება იოლი გადასატანი არ არის.

ვართ თუ არა საფეხბურთო ქვეყანა? როგორ არ ვართ, ამდენი წარმომადგენელი გვყავს ტოპ-ლიგებში. თუნდაც ხვიჩა კვარაცხელია ავიღოთ, ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მანამდე იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და როგორ შეიძლება საფეხბურთო ქვეყანა არ ვიყოთ?!

მე სხვათა შორის გუშინ, უკრაინასთან მომეწონა საქართველოს ნაკრების თამაში - წინა მატჩებთან შედარებით, გუნდმა გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რაც შეეხება რამაზ სვანაძეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ, დარჩეს თუ არა მთავარი მწვრთნელი თანამდებობაზე.

გავიდოდა თუ არა ჩემი თაობის საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ერთა ლიგა მაშინაც რომ ყოფილიყო? შეიძლება ორჯერ გავსულიყავით, ან სამჯერაც. ყოველ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ პრობლემა არ იქნებოდა. ხომ გახსოვთ, ვის ვხვდებოდით? გერმანიის, იტალიისა და ბულგარეთის ძლიერი ნაკრებებს. ასე რომ, ერთა ლიგა კარგი იქნებოდა, მაშინაც რომ ჩაეტარებინათ. თუმცა, ამასთან ერთად აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბიჭებმა დიდი სიხარული გვაჩუქეს და მადლობა უნდა ვუთხრათ ამ თაობას, რომ კონტინენტის პირველობაზე გაგვიყვანეს.

ხვიჩა კვარაცხელია ჩვენია, მაგრამ მხოლოდ ამის გამო არ ვფიქრობ ასე - მთელი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და „ოქროს ბურთს“ იმსახურებდა. თანაც, მსოფლიოს ჩემპიონატზე მე ვერ ვნახე ისეთი გამოკვეთილი ლიდერი, რომ კვარაზე რაიმეთი უკეთესი ყოფილიყო.

ცნობისათვის, მურთაზ შელიამ 1994-1998 წლებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 28 შემთხვევაში თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. შელიას მიერ გამართული 29 თამაშიდან ნაკრებმა 11-ში საკუთარი კარი მშრალად შეინახა, 15-ჯერ გაიმარჯვა, 2 ფრედ დაასრულა და 12 მარცხი განიცადა. რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, საქართველოში ოჩამჩირეს „ამირანში“, თბილისის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, ხოლო საზღვარგარეთ სხვადასხვა პერიოდში „ზაარბრიუკენის“, „ალანიას“ და „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „გთხოვთ, ისევ დაიჯეროთ ჩვენი“ - გოგლიჩიძის და ქოჩორაშვილის კომენტარები
    „გთხოვთ, ისევ დაიჯეროთ ჩვენი“ - გოგლიჩიძის და ქოჩორაშვილის კომენტარები