მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ვიდეოს შემდეგ უმარი მერაბთან მივიდა“ | ალჯომ აბუ-დაბის ინციდენტის დეტალები გაამხილა

მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა, ESPN MMA-ს ინტერვიუ მისცა და აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. „ალჯომ“ აქამდე უცნობი დეტალი გაამხილა, რომელიც უმარ ნურმაგომედოვს უკავშირდება.

„როდესაც მერაბისა და უსმანის ჩხუბის კადრები ვნახე, მეგონა, ხელოვნური ინტელექტის ვიდეოს ვუყურებდი, შემდეგ კი დვალიშვილის პოსტი შემხვდა. ეს ბიჭები ნაძირლები არიან, ასე ვინ იქცევა?! ვიღაცას ხელს ართმევ, მასთან მშვიდობას ამყარებ და შემდეგ ზურგსუკან ასე არ იქცევი…

საქართველოში პროვოკაცია იყო, რაზეც მერაბმა პასუხი გასცა. საბოლოოდ, ხელი ჩამოართვეს და შერიგდნენ, რის შემდეგაც ეს ტიპები გამოვარდნენ და რვანი თუ ცხრანი ორ ადამიანს თავს დაესხნენ. საბა მიწაზე ჰყავდათ დაწვენილი და სახეს ვერ იცავდა. ამ დროს თავში ურტყამდნენ. ნამდვილი ცხოველები არიან და მათ მიმართ ყველანაირი პატივისცემა დავკარგე.

ნეტავ იქ ვყოფილიყავი. ნეტავ მე და ბიჭები იქ ვყოფილიყავით. მაინტერესებს, იგივე დამოკიდებულება ექნებოდათ თუ არა. მათი მოწოდება არ არის, ვიღაცებთან ერთი ერთზე მივიდნენ. უსმანის მიმართ პატივისცემა მექნებოდა, ეს რომ გაეკეთებინა და მერაბისთვის პირისპირ ეთქვა, რომ მასთან პრობლემა ჰქონდა, მაგრამ როცა ამას თანმხლებ პირებთან ერთად აკეთებ, შენს სისუსტეზე მიუთითებს. დავაფასებდი, ერთი ერთზე რომ მისულიყვნენ და არა ხროვასთან ერთად. ფიზიკურად ორ პატარა ადამიანს ბევრად დიდი და ძლიერი ტიპები თავს დაესხნენ...

შემეძლო, თვალი დამეხუჭა რაღაცებზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავიგე ყველაფერი, რაც კადრს მიღმა მოხდა — იქიდან დაწყებული, როგორ გამოვიდა უმარი, მერაბს მიუახლოვდა და გააკეთა ის, რაც გააკეთა... როგორ ეჭირათ საბა ძირს და ხელებს უკავებდნენ, რომ თავში ფეხით ჩაერტყათ... ძმაო... ვფიქრობ, ეს მკვლელობის მცდელობაა. სინამდვილეში, საერთოდ არ უნდა გამოეშვათ იმ ციხიდან. მორჩა და გათავდა.

რაც შეეხება უმარს, ვიდეოს შემდეგ, ის მერაბთან მივიდა და სახეში მუშტი დაარტყა. უმარი ისე მიუახლოვდა, თითქოს მდგომარეობის განმუხტვა უნდოდა, მაგრამ ამ დროს პირიქით მოიქცა და მერაბს სახეში დაარტყა“.

შეგახსენებთ, რომ ალჯამეინ სტერლინგი მომდევნო ორთაბრძოლას 21 ნოემბერს გამართავს და კევინ ვალეხოსს დაუპირისპირდება. ამ ღონისძიებაზე ალექსანდრე თოფურიაც იჩხუბებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    უგოლოდ და ბოლო ადგილზე | საქართველოს ნაკრების სრული კატასტროფა
    უგოლოდ და ბოლო ადგილზე | საქართველოს ნაკრების სრული კატასტროფა