„არაკაცული საქციელი და სიმხდალე!“ - პორიეს, მასვიდალის და უაიდმანის პოზიცია
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლებმა, ხორხე მასვიდალმა დასტინ პორიემ და კრის უაიდმანმა აბუ-დაბიში მომხდარ ნურმაგომედოვებისა და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირებაზე ისაუბრეს და ინციდენტი დეტალურად განიხილეს.
ხორხე მასვიდალი: იქ ბევრი პროფესიონალი მებრძოლი იყო, რომლებიც წონით ბევრად მსუბუქ ბიჭებს დაესხნენ თავს. მესმის, რომ უსმანს და მის მეგობრებს მერაბთან პრობლემა ჰქონდათ. მაგრამ ყველანი მებრძოლები ვართ, კაცები ვართ - იმ სილის გაწვნის შემდეგ რატომ არ გავიდნენ ერთი-ერთზე და რატომ არ უზრუნველყვეს, რომ სხვა არავინ ჩარეულიყო? ამის ნაცვლად რამდენიმე კაცი ერთად დაესხა თავს. ამას პატივს ვერ ვცემ.
დასტინ პორიე: არ ვიცი, ზუსტად რა სიტუაციამ მიიყვანა საქმე აქამდე და რა წინაისტორია ჰქონდა ამ ყველაფერს, მაგრამ კაცს ჯგუფურად რომ ესხმი თავს... თუ საქმის გარჩევა გინდათ, პატიოსნად, ერთი-ერთზე იჩხუბეთ. მით უმეტეს როცა მებრძოლი ხარ... ჩვენ ხომ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ?
მასვიდალი: ასი პროცენტით. უსმანსა და მერაბს შორის წონაშიც უზარმაზარი სხვაობაა, მაგრამ ხალხი ასე არ აღშფოთდებოდა, საქმე პატიოსნად რომ გაერკვიათ. ამათ კიდევ შვიდი-რვა კაცი მიიყვანეს. თავიდან ამბობდნენ, რომ იქ ანკალაევიც იყო - თუმცა არ ყოფილა, შეცდომით გაავრცელეს - მაგრამ ერთ-ერთი, ვინც მერაბს წიხლი დაარტყა, ნამდვილად პროფესიონალი მებრძოლია, ხომ გესმის?
კრის უაიდმანი: კი, კი, ეგრევე დაარტყა. მერაბი თავიდან შოკში იყო, ვერც კი მიხვდა, რა მოხდა, სახეზე იკიდებდა ხელს.
პორიე: თან კამერები ჰქონდათ ჩართული... მეზიზღება ეს სოციალური ქსელებისთვის დადგმული ამბები. აშკარად წინასწარ დაგეგმილი იყო - კამერით ხელში მიდიხარ, სანამ ვინმეს თავს დაესხმები. როგორც ვთქვი, მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ეს კამერებით სირბილი საერთოდ არ მომწონს - მთავარი იყო, კადრში მოხვედრილიყო ყველაფერი, ამ დროს კი შეიძლებოდა ვიღაც სერიოზულად დაშავებულიყო.
უაიდმანი: გეტყვით, მათი გადმოსახედიდან რა მოხდა, რადგან მერაბსაც ველაპარაკე და RAF-ის ხალხსაც, რომლებიც უსმანს ესაუბრნენ. მანამდე იყო RAF-ის ტურნირი თბილისში, საქართველოში, მერაბის სამშობლოში. იქ მოხდა შეხლა-შემოხლა რუსთან...
მასვიდალი: ანუ მერაბმა ერთ-ერთ მათგანს სილა გააწნა?
პორიე: მაგათიანი იყო?
უაიდმანი: ჰო. აი, რა მოხდა სინამდვილეში: თბილისში ვიღაც ტიპი მივიდა მერაბთან, სახესთან რუსულად უყვიროდა და ხელი ჩაავლო - მერაბის თქმით, მჭიდროდ მიიზიდა თავისკენ და უყვიროდა, მერაბს კი არ ესმოდა, რას ეუბნებოდა. მოკლედ, მერაბმა სილა გააწნა. ის ტიპი რაღაცას ყვიროდა უმარზე. სილა რომ გააწნა, მერე გაარკვიეს, რომ გაუგებრობა იყო. მერაბმა ბოდიში მოიხადა, ხელი ჩამოართვეს და თითქოს ყველაფერი იქვე დამთავრდა. მერე კი ეს ამბავი აქ თავიდან აგორდა. კი ბატონო, ვეთანხმები - არ უნდა გაეწნა სილა, მაგრამ ხომ მოიხადა ბოდიში? თან თბილისში მერაბის ყველა ძმაკაცს უნდოდა იმ ტიპის მაგრად ცემა - მერაბი იქ ნამდვილი ვარსკვლავია და იფიქრეს, ვიღაც მოვიდა და ზედმეტს უბედავსო - მაგრამ მერაბმა არავის მისცა უფლება, ხელი დაეკარებინათ მისთვის. თითიც არავის დაუკარებია. ჰოდა, ეგ ძალიან არაკაცული საქციელი იყო - უსმანი მიდის და გვერდიდან, მოულოდნელად ურტყამს სილას მაშინ, როცა კაცი ინტერვიუს იძლევა. ძმაო, ყურადღება მაინც მიიქციე ჯერ, სანამ რამეს იზამ...
მასვიდალი: და იმასაც კი გავიგებდი, მეგობარი რომ ასე გიყვარს და სამაგიეროს გადახდა გინდა, მაგრამ მაშინ ერთი-ერთზე გადი, პროფესიონალი მებრძოლი ხარ. მერაბიც პროფესიონალია, ოღონდ ორი წონითი კატეგორიით დაბლა გამოდის - ესეც არ იქნებოდა თანაბარი, მაგრამ ხალხი ასე მაინც არ დაკარგავდა პატივისცემას. ახლა კი იმ ტიპის მიმართ ხალხმა უბრალოდ პატივისცემა დაკარგა და UFC-ში მისი ყურებაც აღარავის უნდა.
უაიდმანი: ამან ნამდვილად დააზარალა იმიჯის მხრივ.
მასვიდალი: თან ცუდ პრეცედენტს ქმნის: ადრეც მომხდარა მსგავსი რამ, პირველი შემთხვევა არაა, როცა UFC-ის გარეთ მყოფი მებრძოლები UFC-ის მებრძოლებს ესხმიან თავს პოპულარობისა და „ჰაიპის“ მოსაპოვებლად, ახლა კი ეს უფრო გახშირდება. ძალიან ცუდი სანახავია.
პორიე: სიმხდალეა, ძმაო - თავს ესხმი კაცს, როცა საერთოდ არაფერს ელოდება. რამდენი იყვნენ, ექვსნი? მერაბი კი 21 წლის მეგობართან ერთად იყო.
უაიდმანი: მერაბი ძალიან ღირსეულად მოიქცა. როგორც კი ჭიდაობა მოიგო, მაშინვე იმ ბიჭების ციხიდან გამოშვებას ითხოვდა - ამბობდა, მებრძოლები ვართ, ხდება ხოლმე მსგავსი რაღაცებიო. მიუხედავად იმისა, რაც გაუკეთეს, მაინც გაგებით მოეკიდა, ხომ გესმით?
მასვიდალი: მომავალში რა მოხდება, იმაზე ვფიქრობ: მერაბს ძმაკაცები არ ჰყავს, ვინც გვერდში დაუდგებიან? არ ჰყავს მეგობრები, ვინც მის გამო გამოვლენ?
პორიე: შეიძლება ეს ამბავი უსასრულოდ გაგრძელდეს...
მასვიდალი: არ ჰყავს ხალხი, ვინც იტყვის: „აჰა, ესე იგი ასე თამაშობთ?“ კაცმა არ იცის, ეს ყველაფერი რაში გადაიზრდება. ალბათ არავინ გაამტყუნებს მერაბს, შემდეგ ტურნირზე 20 კაცით რომ მივიდეს და გადაუაროს - არავინ იქნება უკმაყოფილო.
უაიდმანი: მაგრამ მერაბი ეგეთი ტიპი არ არის. ჩხუბი უყვარს, მაგრამ არეულობის მომწყობი არაა. თან არ უნდა დაღესტნელებისა და ქართველების დაპირისპირება, რაც ახლა ინტერნეტში ძალიან მწვავედ მიდის - ერთი მხრივ საქართველოდან გამოდის ხალხი, მეორე მხრივ დაღესტნიდან. მერაბს ეს ამბავი საერთოდ არ სურს.
მასვიდალი: მაგრამ თვითონ რომც არ უნდოდეს, მის გამო ხალხი მაინც გამოვა, რადგან უსამართლოდ მოექცნენ - პროფესიონალი მებრძოლები აკავებდნენ, სანამ სხვები სახეში მუხლებს ურტყამდნენ.
უაიდმანი: ჩვენ მხოლოდ 30-წამიანი კადრი ვნახეთ, სინამდვილეში კი ეს ორი წუთი გრძელდებოდა. ყველაფერმა დერეფანში გადაინაცვლა.
პორიე: ჰო, სურათები ვნახე, სისხლიანები იყვნენ. აშკარად ბევრად მეტი მოხდა.
უაიდმანი: იქ ბევრად მეტი რამ მოხდა, კი. როგორც ვიცი, სასტუმროს აქვს ეგ ჩანაწერები. მერაბმაც თქვა, რომ ის გაბრაზებული უმარ ნურმაგომედოვის გამო იყო - ვიდეოში უმარი არ ჩანს, მაგრამ შემდეგ მომხდარ შეხლა-შემოხლაში უმარიც მონაწილეობდა... მერაბმა თქვა, რომ სწორედ იმ მეორე ინციდენტში დაშავდა, რომელიც კამერაზე არ მოხვედრილა. ის ორწუთიანი ვიდეო მხოლოდ დასაწყისი იყო, შემდეგ ფოიეში, დერეფანში გაგრძელდა და იქ უფრო მეტი მოხვდათ მერაბს და მის მეგობარსაც.
პორიე: საშინელება, ძმაო. ალბათ, იმიტომაც სდიოდა სისხლი.
მასვიდალი: მისი მეგობარი ნამდვილი მხსნელი აღმოჩნდა - ყველას ძირს ყრიდა მარჯვენა დარტყმებითა და ფეხში შესვლებით!
პორიე: კი, კი, დენ ჰენდერსონის „H-Bomb“-ივით მარჯვენა ჰქონდა.
უაიდმანი: თან მებრძოლიც არ არის, უბრალოდ მოჭიდავეა, რომელიც ძმაკაცის დასაცავად ჩაერთო.
მასვიდალი: მებრძოლია, ძმაო, მებრძოლია! ახლა ვცდილობ, ჩემს ორგანიზაციაში, Gamebred Fighting Championship-ში მოვაწყო - უკვე მზადაა შიშველი ხელებით ჩხუბისთვის!
უაიდმანი: გავიგე, PFL-დან და UFC-დანაც აქვს უკვე შემოთავაზებები.
პორიე: ეჭვიც არ მეპარება.
მასვიდალი: არა, მართლა? ჰო, მგონი მერაბმაც თქვა ეგ. ძმაო, ნამდვილი ვარსკვლავია! 600 გამომწერი ჰყავდა ინსტაგრამზე და უკვე მილიონს გადააჭარბა.
პორიე: სერიოზულად? სრულიად დამსახურებულად.
მასვიდალი: ჰო, ძმაკაცის გამო ბოლომდე დადგა. თან კადრშიც ჩანს, რომ თავიდან ჩხუბი საერთოდ არ უნდოდა - მერაბის ჩანთები ეჭირა და ამბობდა: „არა, დაწყნარდით, ბიჭებო“, მაგრამ როგორც კი დაინახა, რომ საქმე სამკვდრო-სასიცოცხლოდ წავიდა, ეგრევე საქმეში ჩაერთო.
აბუ-დაბის სისხლის სამართლის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მის 7 თანმხლებ პირს სასჯელი შეუმსუბუქა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულთა მოთხოვნის საფუძველზე, განაჩენი გადაიხედა და მსჯავრდებულთა ფულადი ჯარიმა 300 000-დან 150 ათას დირჰამამდე შემცირდა.
ადგილობრივი გამოცემა The National News-ის ცნობით, უსმან ნურმაგომედოვმა და მისმა მეგობრებმა საპატიმრო დაწესებულება მას შემდეგ დატოვეს, რაც საქმეში პირადად ხაბიბ ნურმაგომედოვი ჩაერია. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად 8 მსჯარდებულს ადგილობრივმა სასამართლომ 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 300 ათასი დირჰამის ოდენობით ჯარიმა და ქვეყნიდან დეპორტაცია მიუსაჯა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს